Home დღის ამბები განათლება წელს პირველად, ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტებს მესამე სავალდებულო საგნის მეტი არჩევანი ექნებათ

წელს პირველად, ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტებს მესამე სავალდებულო საგნის მეტი არჩევანი ექნებათ

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ნუნუ მიცკევიჩმა, უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ წელს პირველად, აბიტურიენტებს საშუალება ექნებათ, სასურველ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გასაგრძელებლად აირჩიონ კონკრეტული პროგრამისთვის განსაზღვრული რელევანტური საგანი, რაც აბიტურიენტებს არჩევანის შესაძლებლობას გაუზრდის.

„აბიტურიენტებს არჩევანი გაუფართოვდათ – წლევანდელი ეროვნული გამოცდების სიახლეა, რომ მათ მესამე, არჩევითი საგანი გაფართოებული აქვთ და ისტორია/მათემატიკასთან ერთად, შეუძლიათ, ჩააბარონ მაპროფირებელი საგნები იმ დარგის მიხედვით, რომელსაც ისინი აირჩევენ თავიანთი პროფესიის მიხედვით“, – აღნიშნა ნუნუ მიცკევიჩმა.

მაგალითისთვის, აბიტურიენტებს საბუნებისმეტყველო საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელებისთვის მესამე სავალდებულო საგნად შესაძლებლობა აქვთ, გარდა მათემატიკისა და ისტორიისა, აირჩიონ ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია და გეოგრაფია. ხოლო სახელოვნებო მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამების შემთხვევაში, ისტორიისა და მათემატიკის გარდა, არჩევანის გაკეთება შესაძლებელი იქნება ლიტერატურას, სახვით და გამოყენებით ხელოვნებას შორის და ა.შ.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 4 ივლისს, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება. აბიტურიენტებს პირბადის ტარების ვალდებულება არ ექნებათ.