ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკიდან ირკვევა, რომ მიმდინარე წელს მთავრობის მიერ აღებული შიდა ვალის მოცულობა სწრაფი ტემპით იზრდება. უფრო კონკრეტულად, მიმდინარე წლის იანვრიდან ივლისის ჩათვლით ხელისუფლებამ შიდა ვალის სახით დაახლოებით 1,458 მლრდ ლარი აიღო. აქედან, 285 მლნ ლარი მთავრობამ სახაზინო აუქციონების სახით ისესხა, ხოლო დანარჩენი 1,173 მლნ ლარი ხელისუფლებამ სახაზინო ობლიგაციების სახით მიიღო.
უნდა აღინიშნოს, რომ 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში აღებული შიდა ვალის მოცულობა დაახლოებით 578 მლნ ლარს შეადგენდა. შესაბამისად, წელს აღებული შიდა ვალის მოცულობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 880 მლნ ლარით გაიზარდა.
აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ სახაზინო ვალდებულება არის ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოშვებული მოკლევადიანი დისკონტური სახელმწიფო ფასიანი ქაღალდი. სახაზინო ვალდებულების გამოშვება ხდება ერთ წლამდე დაფარვის ვადით, დისკონტით და იფარება ნომინალური ღირებულებით. როგორც წესი, სამთავრობო ფასიანი ქაღალდები ხასიათდება მინიმალური რისკიანობითა და მაღალი ლიკვიდურობით.
რაც შეეხება სახაზინო ობლიგაციას, ის არის ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოშვებული საშუალოვადიანი კუპონური სახელმწიფო ფასიანი ქაღალდი. ამჟამად, სახაზინო ობლიგაციების გამოშვება ხდება 1-დან 10 წლამდე დაფარვის ვადით, კუპონის 6 თვეში ერთხელ გადახდით.