თხილის გადამამუშავებელი საწარმო „ჯეო-ნათსის“ დირექტორი ჯენერ ბელქანია თხილის დაბალი ფასის გამომწვევ მიზეზებზე საუბრობს.
როგორც მან განაცხადა წელს მსოფლიო ბაზარზე თხილის რაოდენობა მოხმარებას 15%-ით აღემატება, რაც დაბალი ფასის უმთავრესი მიზეზია.
„შარშანდელთან შედარებით წელს თხილის ფასი უფრო დაბალია, რაც რამდენიმე ფაქტორითაა გამოწვეული. უმთავრესია თხილის ჭარბი რაოდენობა, რომელიც თურქეთში მოვიდა. მიზეზი ისიცაა, რომ თხილის კონკურენტ პროდუქტებს დღეს დაბალი ფასი აქვს. ამასთან, თხილის ფასის შემცირების კიდევ ერთი ფაქტორი ვალუტებს შორის სხვაობაა. წელს ზოგადად მოსავალი მოხმარებას 15%-ით აღემატება.
რაც შეეხება დღეს თხილის საშუალო ფასს, 4-დან 5 ლარამდეა. მაღალი ხარისხის თხილი, კი შესაძლოა 7-8 ლარამდე განისაზღვროს თუმცა ასეთი სამწუხაროდ მხოლოდ კახეთშია და ნაკლებად სამეგრელოში”, – ამბობს „ჯეო-ნათსის“ დირექტორი.
რაც შეეხება თხილის ხარისხს, მისი თქმით მოსავლის დაახლოებით 50% დაბალი ხარისხისაა.
“წვიმიანი ამინდების გამო თხილის გამოსავლიანობა დაბალია, ფასის ფორმირება, კი თხილის გულის პროცენტის მიხედვით ხდება. მოსავლის დაახლოებით 50% დაბალი ხარისხია და ამ ფონზე განსაკუთრებულ ფასის ზრდას არც ველოდებით. ბაზარზე შესაძლოა ვითარება შეიცვალოს თუ თურქეთში თხილის ფასი გაიზრდება,რადგან ქართული თხილი თურქულზეა მიბმული, მაგრამ ეს დღეს ნაკლებად სავარაუდოა,“ – განაცხადა ჯენერ ბელქანიამ.