მიმდინარე წელს ცოდნისკარის ადმინისტრაციულ ერთეულში 17 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 748 774.27 ლარი დაიხარჯება. 1. სოფ. თელაში 50 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია, პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 762 280 ლარს შეადგენს. 2. ადგილობრივი ბიუჯეტიდან და რეგიონული განვითარების ფონდიდან სოფ. ცოდნისკარსა და თელაში სასმელი წყლის სათავე ნაგებობა და მაგისტრალთან ერთად ჭაბურღილი მოეწყო. სამუშაოების ღირებულებამ 414 442.21 ლარი შეადგინა. 3. საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა სოფ. თელაში სკოლის ქუჩაზე და სოფ. შეერთებაში ცენტრალურ მაგისტრალამდე დამაკავშირებელ გზაზე. შიდა სასოფლო და სავარგულებამდე მისასვლელი გზა მოიხრეშა სოფ. ჩადუნიანსა და დავითიანში. გზების რეაბილიტაციისათვის თელის თემში მიმდინარე წელს 312 438.21 ლარი დაიხარჯა. 4. სანიაღვრე არხები და სარწყავი ჭა გაკეთდა სოფ. წიფლისწყაროში და სოფელ თელაში. ასევე, წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდა სოფ. თელაში არსებულ სპორტულ დარბაზს. 5. სანიტარული კვანძი მოწესრიგდა სოფ. ცოდნისკარის, სოფ. თელის საჯარო სკოლაში და სოფ. ჩადუნიანის საბავშვო ბაღში.