Home დღის ამბები ეკონომიკა შემოსავლების სამსახური – მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით, გადასახადის გადამხდელებს დღგ-ის ზედმეტობის...

შემოსავლების სამსახური – მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით, გადასახადის გადამხდელებს დღგ-ის ზედმეტობის სახით 1,8 მილიარდი ლარი დაუბრუნდა

მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით, გადასახადის გადამხდელებს დღგ-ის ზედმეტობის სახით 1,8 მილიარდი ლარი უკვე დაუბრუნდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, დღგ-ის დაბრუნების მზარდი დინამიკა კვლავ აქტიურად გრძელდება.

„2020 წლის ნოემბრიდან, დღგ-ის თანხის დაბრუნების პროცედურა კიდევ უფრო ავტომატიზებული, სწრაფი და მარტივი გახდა. ეს პროცესი გადამხდელის მიერ, თანხის მოთხოვნისა და საბანკო ანგარიშის დამატებითი მითითების საჭიროებას აღარ ითვალისწინებს. აღნიშნული ცვლილება დადებითად აისახა გადასახადის გადამხდელთათვის დაბრუნებული თანხის დროულობაზე და მოცულობაზე.

აქვე გაცნობებთ, რომ 2020 წლის განმავლობაში, კანონმორჩილი გადასახადის გადამხდელთათვის დღგ-ის ზედმეტობით დაბრუნებული თანხის ოდენობამ დაახლოებით 1 მლრდ. ლარი შეადგინა, ხოლო 2021 წელს ბიზნესსექტორმა 1,9 მილიარდი ლარი დაიბრუნა ანგარიშზე.

აღნიშნული ინიციატივა თავისი მასშტაბიდან და შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს უპრეცედენტო რეფორმას საგადასახადო სისტემაში.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მუდმივ რეჟიმში ახორციელებს ზემოაღნიშნული სერვისის მონიტორინგს და განიხილავს ნებისმიერ შესაძლებლობას მისი კიდევ უფრო მეტი ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად“, – ნათქვამია ინფორმაციაში.