შეზღუდვების ერთიანი, სწრაფი მოხსნები ვერ იქნება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ კახეთში, ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, თითოეული ნაბიჯი უნდა იყოს უკიდურესად ფრთხილი და გააზრებული.
„ტურიზმის განვითარებას ვიწყებთ რეგიონებიდან და არა მაგალითად, თბილისიდან, რადგან იქ სხვა რისკებია და ამ რისკების მართვა თბილისში ცოტა უფრო რთულია, კახეთსა და რეგიონებში ბევრად უფრო მარტივია. უნდა გავითვალისწინოთ, რომ თითოეული ნაბიჯი უნდა იყოს უკიდურესად ფრთხილი და უკიდურესად გააზრებული, არანაირი ერთბაშად სწრაფი მოხსნები ვერ იქნება. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ისე, რომ არ დავაყენოთ კითხვის ნიშნის და რისკის ქვეშ საქართველოს, როგორც კოვიდ 19-თან ეფექტურად მებრძოლი და კოვიდის რისკების ეფექტურად მართვადი ქვეყნის რეპუტაცია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ამის გარეშე ვერანაირი ტურიზმი ვერ იქნება და არანაირი სტუმარი არ ჩამოვა. პირველ რიგში უნდა ვიყოთ კოვიდისგან სუფთა, უსაფრთხო, მწვანე და ამის შემდგომ შეგვიძლია უკვე ყველაფერზე ვილაპარაკოთ“, – განაცხადა გახარიამ.