ჩოგბურთის მაესტრომ, 41 წლის როჯერ ფედერერმა, 15 სექტემბერს მსოფლიოს კარიერის დასრულების შესახებ ამცნო. გარდა იმისა, რომ შვეიცარიელმა 20 გრანდ სლემის მოგება შეძლო, რაც რაფა ნადალისა და ნოვაკ ჯოკოვიჩის შემდეგ საუკეთესო შედეგია, თავის ხანგრძლივ საჩოგბურთო კარიერაში მან დიდი ფულიც გამოიმუშავა და „მილიარდ დოლარიანი ათლეტების“ კლუბშიც შეძლო შესვლა მაიკლ ჯორდანთან, ლიონელ მესისთან და ლუის ჰამილტონთან ერთად.
როგორც სპორტული გამოცემა Marca იუწყება, ფედერერის ქონება ამჟამად 550 მილიონ დოლარამდეა. კარიერის განმავლობაში ჩოგბურთელმა 1 მილიარდ დოლარზე მეტი გამოიმუშავა, რაც ჩოგბურთელთა შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამ შემოსავლის წყარო ჯილდოები, რეკლამები და სპონსორებია.
115 მილიონამდე მან უშუალოდ ჩოგბურთის თამაშისგან მიიღო და მასზე მეტის გამომუშავება მხოლოდ რაფა ნადალმა ($131 მლნ) და ნოვაკ ჯოკოვიჩმა ($159 მლნ) შეძლეს.
პროფესიონალური კარიერის პირველ, 1998 წელს მისი შემოსავალი ჩოგბურთიდან მხოლოდ 28,000 დოლარს შეადგენდა, მომდევნო 10 წლის განმავლობაში კი თითქმის 400-ჯერ გაიზარდა და პიკს 2007 წელს მიაღწია, როდესაც ის ATP-ს რეიტინგში პირველ ადგილს იკავებდა. ამ წელმა მას 10.1 მილიონი დოლარი მოუტანა.
კარიერის პიკში ფედერერი კომპანიებისგან 94 მილიონ დოლარამდე იღებდა წლიურად, მისი მთავარი სპონსორები კი „კრედიტ სუისი“, „როლექსი“ და „მერსედესი“ იყვნენ. 2018 წელს ჩოგბურთელმა 10-წლიანი კონტრაქტი გააფორმა იაპონურ „უნიქლოსთან“ და ამ ბრენდის ტანსაცმლის ტარების სანაცვლოდ 300 მილიონ დოლარიანი კონტრაქტიც მიიღო.
როჯერ ფედერერი „ფორბსის“ ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების 2022 წლის რეიტინგში მე-7 ადგილს იკავებს, 2020 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებად ვარსკვლავებში კი მესამე ადგილზე იყო.