მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში ყველაზე მეტად საფინანსო საქმიანობის სფეროში და სამსახურის ინტერესების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები გაიზარდა. ასეთია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემები.
კერძოდ, უწყების ცნობით, საანგარიშო პერიოდში საფინანსო საქმიანობის სფეროში ჩადენილი დანაშაულის 1 472 ფაქტი გამოვლინდა, რაც წლიურად 119.37%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
ცნობისთვის, აღნიშნული დანაშაული მოიცავს – საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევას, საზღვარგარეთ გატანილი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი კულტურის ძეგლის ან ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტის საქართველოში დაუბრუნებლობას, მიმოქცევაში არსებული ეროვნული ვალუტის გამოყენების წესის დარღვევას, საზღვარგარეთიდან უცხოურ ვალუტაში თანხის დაუბრუნებლობას, გადასახადისათვის თავის არიდებას და მომხმარებლის მოტყუებას.
შს სამინისტროს მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-ოქტომბერში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 116.98%-ით გაიზარდა სამეწარმეო ან სხვა ორგანიზაციაში სამსახურის ინტერესების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკა. კერძოდ, მიმდინარე წლის 10 თვეში ამ ტიპის დანაშაულის 115 შემთხვევა დაფიქსირდა.
აღნიშნული დანაშაული მოიცავს – უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, გულგრილობას და კომერციულ მოსყიდვას.