ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი გივი ზაუტაშვილი, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ხელმძღვანელთან მაია ავაზაშვილთან ერთად, კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრის დირექტორსა და პროექტის კოორდინატორს შეხვდა.
შეხვედრაზე ყვარლის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს ჩამოყალიბების საკითხი განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზეც ისაუბრეს.
2023 წლის ივნისიდან ყვარლის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს პროექტი ,,ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, გაუმჯობესებული მუნიციპალური სერვისებისთვის“, რომელსაც კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრი ახორციელებს.
პროექტის მიზანია, ყვარლის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მხარდაჭერა, არსებული საჭიროებების გამოვლენა, კანონის იმპლემენტაციის მონიტორინგი და ადვოკატირება.
პროექტი მხარდაჭერილია პროექტის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კანონის განხორციელების ადვოკატირება“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის ევროპის ფონდთან და ჰადსონ ვოლის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრთან თანამშრომლობით.