კულტურის განვითარების ცენტრის ორგანიზებით, ყვარლის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო მუზეუმის დარბაზში, გაიმართა ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ლიტერატურული კლუბის აღსაზრდელებმა და ადგილობრივმა ანსამბლებმა.
ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ქართული ენის დღე მიულოცა ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა გივი ზაუტაშვილმა.
„1978 წლის 14 აპრილის მშვიდობიანი მანიფესტაციიდან 46 წელი შესრულდა, როცა ქართველი ერი წინ აღუდგა საბჭოთა ხელისუფლების მცდელობას, ახალი კონსტიტუციით გაეუქმებინა ქართული ენის სახელმწიფო სტატუსი. პირველად საბჭოთა კავშირის ისტორიაში, კომუნისტურმა რეჟიმმა უკან დაიხია.
მშობლიური ენა იდენტობის შენარჩუნებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის აუცილებელ იარაღს წარმოადგენს. საქართველოში მრავალი ეთნოსის წარმომადგენელს შეხვდებით, რომლებსაც პირველ რიგში, სწორედ სახელმწიფო ენა აერთიანებთ. ჩვენ ქართული ენითა და მწიგნობრობით ვამაყობთ, რომელსაც მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძველი და უწყვეტი ისტორია გააჩნია. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ენასა და ანბანს ძეგლი დაუდგეს!
ენა ცოცხალი ორგანიზმია. ის საზოგადოებასთან ერთად იზრდება, ვითარდება და იცვლება. მას ცოცხალ არსებასავით სჭირდება მოფრთხილება. ამიტომაც გთხოვთ, მუდამ იდგეთ ენის სიწმინდის სადარაჯოზე, მოუფრთხილდეთ, დაიცვათ, წმინდად შეინახოთ და გადასცეთ მომავალ თაობას”,- აღნიშნა გივი ზაუტაშვილმა.