ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, კახეთის რეგიონში 53 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული.
მათივე განცხადებით, მოსავლის დაბინავება შეფერხების გარეშე მიმდინარეობს და მევენახეებს ყურძნის რეალიზაციის პრობლემები არ შექმნიათ.
„ყურძნის დღიური გადამუშავება 8-10 ათასი ტონის ფარგლებშია. ღვინის კომპანიები ყურძენს ხარისხის მიხედვით აფასებენ. რქაწითელის ჯიშის ხარისხიან ყურძენზე ფასმა 1.10 ლარსაც მიაღწია. გადამუშავებული 23 ათასი ტონა რქაწითელიდან 5,3 ათას ტონამდე ამ ჯიშის ყურძენში ღვინის კომპანიებმა 95 თეთრიდან 1.10 ლარამდე გადაიხადეს. ხოლო გადამუშავებული 23 ათას ტონამდე საფერავიდან 15 ათას ტონაში კერძო კომპანიების მიერ გადახდილია 1.55 ლარიდან 1.75 ლარამდე“ – აღნიშნა რთველის საკოორდინაციო შტაბის უფროსმა, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ.
სააგენტოს ინფორმაციით, ღვინის საწარმოებს ყურძენი 4200-მა მევენახემ ჩააბარა და მათი საერთო შემოსავალი 47 მილიონ ლარს აღწევს. რთველი აქტიურ ფაზაშია გურჯაანის, ყვარლის, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში, კახეთის რეგიონის დანარჩენი მუნიციპალიტეტები ყურძნის მოსავლის დაბინავების პროცესში ეტაპობრივად, ყურძნის საჭირო კონდიციაში შესვლისთანავე ჩაერთვებიან.
„რთველის საკოორდინაციო შტაბში ამ დროისთვის დარეგისტრირებულია 300-ზე მეტი ღვინის კომპანია და მარანი, რომლებიც ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესში ეტაპობრივად ჩაერთვებიან. 130-მდე კომპანიამ სხვადასხვა მოცულობის ყურძენი უკვე გადაამუშავა.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2022 წლის რთველის მხარდასაჭერად, სუბსიდირების პროგრამა განხორციელდება. პროგრამის მიზანია ყურძნის მოსავალი სრულად დაბინავდეს და მევენახეობა-მეღვინეობის დარგის სტაბილური განვითარების დინამიკა შენარჩუნდეს. სუბსიდირების პროგრამის მხარდაჭერით, მოსავლის რეალიზაციას 25 ათასამდე მევენახე ფერმერი შეძლებს,“ – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.