Home დღის ამბები ეკონომიკა ქვეყანამ თაფლის ექსპორტით $1 მლნ-მდე შემოსავალი მიიღო – მთავარი ბაზარი EU-ია

ქვეყანამ თაფლის ექსპორტით $1 მლნ-მდე შემოსავალი მიიღო – მთავარი ბაზარი EU-ია

მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან ექსპორტზე 932 ათასი დოლარის 208 ტონა თაფლი გავიდა. ეს კი ქვეყნის რეკორდული მაჩვენებელია. კერძოდ, ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2022 წლის 10 თვეში თაფლის ექსპორტის ღირებულება 89.1%-ით, ხოლო მოცულობა 52.5%-ით გაიზარდა.

ამ პერიოდის განმავლობაში მთავარი საექსპორტო ბაზარი ევროკავშირი იყო. TOP-5 საექსპორტო ქვეყნის რეიტინგი კი ასეთია:

1. საფრანგეთი – 436 ათასი დოლარი, 76 ტონა;
2. ბულგარეთი – 255 ათასი დოლარი, 90 ტონა;
3. ნორვეგია – 103 ათასი დოლარი, 21 ტონა;
4. ისრაელი – 61 ათასი დოლარი, 10 ტონა;
5. არაბთა გაერთიანებული საამიროები – 19 ათასი დოლარი, 1 ტონა.

გარდა ამისა, მცირე მოცულობით თაფლი ექსპორტზე იაპონიაში, საუდის არაბეთში, სომხეთში, გერმანიაში, ავსტრიაში და კანადაში გავიდა.

ამ პერიოდის განმავლობაში ქვეყნიდან თაფლის რეალიზებას როგორც კომპანიები, ასევე ინდმეწარმეები ახდენდნენ. საქსტატის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ექსპორტიორი კომპანიები არიან: შპს აპიჯეო; შპს არმგეო გრუპ; შპს გებულ კომერსი; შპს გეო ნატურალი; შპს გსქ კულა; შპს ემეფ ქომფანი; შპს მეფუტკრე; შპს რუხი დედოფალი; შპს ჰობი.

შენიშვნა: ექსპორტიორი კომპანიები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით.

უნდა აღინიშნოს, რომ თაფლის ექსპორტი ამ პერიოდში იმპორტს აღემატებოდა. სტატისტიკის მიხედვით, წელს ქვეყანამ სულ 81.5 ათასი დოლარის ღირებულების 31 ტონა თაფლი იყიდა. ეს რიცხვი გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით გაზრდილია (17 ათასი დოლარი, 11 ტონა).