Home დღის ამბები ეკონომიკა ქართული კაკლის წლევანდელი მოსავალი იმპორტს თითქმის 90%-ით ჩაანაცვლებს – ასოციაცია

ქართული კაკლის წლევანდელი მოსავალი იმპორტს თითქმის 90%-ით ჩაანაცვლებს – ასოციაცია

კაკლის წლევანდელმა მოსავალმა, რომელმაც, წინასწარი შეფასებით, 2,5 ათასი ტონა შეადგინა, შესაძლოა, ქართულ ბაზარზე იმპორტის, დაახლოებით, 90% ჩაანაცვლოს. ამის შესახებ EastFruit-ს საქართველოს ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის (AWPA) თანადამფუძნებელმა, ლერი ტაბატაძემ განუცხადა.

წლიდან წლამდე კაკლის წარმოება იზრდება, რის მიზეზადაც ტაბატაძე სახელმწიფო პროგრამის, „დანერგე მომავალი,“ ფარგლებში კაკლის ინტენსიური ბაღების გაშენებას ასახელებს. მისი თქმით, ახალი ბაღების, დაახლოებით, 98% „ჩანდლერის“ ჯიშისაა, რომლის საერთო ფართობი 5500 ჰექტარს შეადგენს. ზოგიერთ მათგანს ნაყოფის გამოღება ჯერ არ დაუწყია. ამასთან, ქვეყანაში ამჟამად 6 თანამედროვე გადამამუშავებელი საწარმო ფუნქციონირებს, რომელთა სიმძლავრეც მომდევნო ხუთი წლის მოსავლის გადამუშავებას უტოლდება.

AWPA-ს მონაცემებით, ადგილობრივ ბაზარზე მოთხოვნა წელიწადში 3 ათას ტონას შეადგენს, ხოლო ფასები, შარშანდელთან შედარებით, პრაქტიკულად, არ შეცვლილა და სეზონის მიხედვით იცვლება.

რაც შეეხება ექსპორტს, ლერი ტაბატაძე აცხადებს, რომ კაკლის პირველი ორგანიზებული ექსპორტი უახლოეს მომავალში განხორციელდება და 10-ტონიანი პარტია ევროპაში გაიგზავნება. თუმცა უკრაინის ომის გავლენის ფონზე საერთაშორისო ბაზარზე კაკალზე მოთხოვნა შედარებით შემცირებულია, რაც, ძირითადად, ნიგვზის გამოყენებით წარმოებულ სნეკებს, ანუ სასმუსნავს უკავშირდება. სნეკები პირველადი მოხმარების პროდუქტს არ წარმოადგენს, ამიტომ, ტაბატაძის თქმით, მომხმარებლებმა მათ შეძენაზე ფულის დაზოგვა დაიწყეს. შესაბამისად, სნეკების წარმოებაც შემცირდა.

ლერი ტაბატაძის შეფასებით, საქართველოში მოყვანილი კაკლის ტრადიციული ჯიშები უპერსპექტივოა, რადგან ამ ჯიშებს ნაკლები მოსავლიანობა, მცირე ზომა და არაერთგვაროვანი ფერი აქვთ, ამიტომ კონკურენციას ვერ გაუძლებენ. რაც შეეხება „ჩანდლერის“ ჯიშს, რომელიც საქართველოში უკვე, თითქმის, ყველა ინდუსტრიულ წარმოებას მოჰყავს, მისი კონკურენტები ევროპის ქვეყნები, კერძოდ, საფრანგეთი, ესპანეთი და იტალიაა. ტრადიციული მრავალწლიანი იმპორტიორები, როგორიც უკრაინა, ყაზახეთი და ჩინეთია, ქართული „ჩანდლერის“ კონკურენტებად არ მიიჩნევა, რადგან მათი პროდუქცია სხვადასხვა ჯიშისა და ზომისაა.

ტაბატაძის ცნობით, ამ ქვეყნებში ინდუსტრია სხვაგვარად არის მოწყობილი და სტანდარტიზებული მიდგომა არ არსებობს, საქართველოს მთავარი უპირატესობა კი ის არის, რომ მაღალი ხარისხის ერთგვაროვან ჯიშს აწარმოებს.

სერიოზული გამოწვევა, რასაც კაკლის ქართველი მწარმოებელბი აწყდებიან, ნიგვზისგან მზა პროდუქტების დამზადებაა, რასაც უფრო მაღალი ღირებულება აქვს. ტაბატაძის შეფასებით, უზარმაზარი პოტენციალი არსებობს, რომ სნეკებისთვის ნიგვზის მუსი, პასტა, კარაქი, ფქვილი დამზადდეს და ეს სფერო განვითარდეს. ასოციაციას ამას შემდეგი ეტაპის ამოცანად მიიჩნევს.

საქართველოს ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაცია (AWPA) 2018 წელს დაარსდა. დღეს ის 600-მდე კაკლის მწარმოებელს, ძირითადად, კომპანიებს აერთიანებს.