პირველად ის ერთ-ერთ ღონისძიებაზე ვნახე, საოცრად ცეკვავდა. მაშინვე მიიპყრო ჩემი ყურადღება გამორჩეული არტისტიზმითა და ნიჭიერებით. ეს არ იყო დაყენებული პოზა, მის ცეკვაში პატარა გოგონას შინაგანი ბუნება და ხასიათი გამოსჭვიოდა, ცეცხლი, რომელიც ნორჩი შემსრულებლის მიზანდასახულობაზე მეტყველებდა. მას შემდეგ მარიამს ხშირად ვხედავდი სცენაზე, ერთნაირად წარმატებული იყო სიმღერაში, ცეკვაში, სწავლაში. მონაწილეობდა და იმარჯვებდა სხვადასხვა პროექტში. ახლახან ქ. დედოფლისწყაროს #1 საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელი მარიამ ყოჩიაშვილი ინგლისური ენისა და ლიტერატურის პედაგოგთან – ეკა სეფიაშვილთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში, დელავერის უნივერსიტეტში (ვილმინგტონი, აშშ) 2025 წლის 1-2 მაისს გამართულ ინოვატორ მოსწავლეთა მსოფლიო სამიტზე, ახალგაზრდა ელჩის სტატუსით იმყოფებოდა. რას ნიშნავს ახალგაზრდა ელჩის სტატუსი და როგორ მოხვდა მარიამი ბევრისთვის საოცნებო ქვეყანაში, ამის შესახებ მარიამ ყოჩიაშვილი და მისი მასწავლებელი ეკა სეფიაშვილი Eka Sepiashvili გაზეთ „შირაქთან“ საუბრობენ.
ეკა სეფიაშვილი: „მასწავლებლებს შორის გამოცდილების გაზიარება და ჯანსაღი თანამშრომლობა უმნიშვნელოვანესია მოსწავლეთა ინტერესებისთვის“.
– ეკა, როგორ შეიტყვეთ პროექტის „ბრილიანტის გამოწვევა“ შესახებ?
– დელავერის უნივერსიტეტი, ერთ-ერთი წამყვანი სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებელი ქალაქ უილმინგტონში მდებარეობს და ცნობილია კვლევითი საქმიანობითა და ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარებით აშშ-ი. აღნიშნული უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული კონკურსი „ბრილიანტის გამოწვევა“ (Dიამონდ ჩჰალლენგე) ყოველწლიური საერთაშორისო სასწავლო პროგრამაა, რომელიც 14-18 წლის მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, საკუთარი ინოვაციური იდეები მსოფლიო ასპარეზზე წარმოადგინონ. კონკურსის საპრიზო ფონდი 100,000 აშშ დოლარს აღემატება, რაც გამარჯვებულებს პროექტების განვითარებაში ეხმარება.
2022-2023 სასწავლო წელს მოსწავლეთა ჯგუფმა ჩემი მენტორობით მონაწილეობა მიიღო პროექტში `ბრილიანტის გამოწვევა~, თუმცა, სათანადო გამოცდილების ნაკლებობის გამო მომდევნო ეტაპზე ვერ გადავედით. მიმდინარე სასწავლო წელს კი დელავერის უნივერსიტეტმა ვირტუალური თანამშრომლობა (კონკურსის შეფასების ჟიურის წევრობა ონლაინ რეჟიმში) შემომთავაზა, როგორც მრჩეველ პედაგოგსა და მოსწავლეებთან საპროექტო მუშაობაში მუდმივად ჩართულ პირს; მონაწილეობა მივიღე 6 სხვადასხვა ქვეყნის მოსწავლეთა ჯგუფების პროექტების შეფასებაში, რამაც საერთაშიროსო თანამშრომლობის უდიდესი გამოცდილება შემძინა.
რაც შეეხება „ინოვატორ მოსწავლეთა მსოფლიო სამიტს“ ახალგაზრდა ლიდერებისა და ნოვატორი ბავშვებისთვის, სამიტის მისიაა ხელი შეუწყოს ახალგაზრდებს დაამყარონ გლობალური კავშირები თანატოლ ნოვატორებთან და მეწარმეებთან მთელი მსოფლიოდან, ხარისხიანი განათლების ხელშეწყობის მიზნით. როდესაც შევიტყვე 2025 წლის 1-2 მაისს დაგეგმილი სამიტის შესახებ, საკონკურსო კრიტერიუმების მოთხოვნების შესაბამისად, წარვადგინე ჩვენი სკოლის მე-12 კლასის წარჩინებული მოსწავლე, მარიამ ყოჩიაშვილი. ჩემი სარეკომენდაციო წერილი მოიცავდა მოსწავლის აკადემიურ, ლიდერულ, ინოვაციურ მიღწევებსა და მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობებს. რეკომენდაციას თან ერთვოდა ვრცელი დამადასტურებელი დოკუმენტაცია. მარიამმა აპლიკაციას დაურთო 2-წუთიანი ვიდეო, სადაც ინგლისურად ისაუბრა საკუთარ სასკოლო, სათემო, ეროვნულ და საერთაშორისო პროექტებსა თუ კონკურსებში ჩართულობაზე, ლიდერულ უნარებზე, მომავლის ხედვასა და ახალგაზრდების როლზე უკეთესი მომავლისთვის.
– რამ განაპირობა თქვენი არჩევანი, რომ კონკურსში მარიამ ყოჩიაშვილის კანდიდატურა წარგედგინათ?
– დამსახურებული აკადემიური მიღწევებისთვის, ინოვაციური, შემოქმედებითი, ლიდერული უნარების ფლობისთვის, გამორჩეული მოსწავლეობისთვის, უდიდესი სასკოლო და სათემო წვლილისთვის, ღირსეული პიროვნული თვისებებისა და სანიმუშო მოქალაქეობისთვის მარიამ ყოჩიაშვილმა, „ახალგაზრდა ქართველი ამბასადორის“ სტატუსით, დელავერის უნივერსიტეტის ადმინისტრაციიდან მიიღო საპატიო მოწვევა 1-2 მაისს, უილმინგტონში სამიტზე დასასწრებად მენტორ (წარმდგენ) მასწავლებელთან ერთად. მარიამი მსოფლიო მასშტაბით 100 საუკეთესო მოსწავლეს შორის შეირჩა სამიტზე ექსკლუზიური მიწვევით ქართველი ახალგაზრდა ელჩის სტატუსით.
– გაამართლა თუ არა ახალგაზრდა ელჩმა თქვენი მოლოდინი?
– მარიამმა თავისი მაღალი ინტელექტითა და ქართული ღირსებებით სანიმუშოდ წარადგინა სკოლა, ქვეყანა და რეგიონი მსოფლიო სამიტზე მრავალრიცხოვანი აუდიტორიის წინაშე. მან არაერთ გუნდურ სამუშაოში წარმოაჩინა ლიდერული შესაძლებლობები და ინოვაციური იდეები, რისთვისაც არაერთხელ დაჯილდოვდა. გაცნობით შეხვედრაზე, სადაც სამიტის პროტოკოლით ყველა ელჩს საკუთარი ქვეყნის ეროვნული მახასიათებელი უნდა წარმოედგინა, მარიამმა ეროვნული ცეკვა შეასრულა, რამაც უდიდესი მოწონება დაიმსახურა.
– როგორი ატმოსფერო იყო ახალგაზრდა ინოვატორთა ფორუმზე?
– სამიტზე გავიცანი მრავალი კოლეგა, უნივერსიტეტების დამფუძნებლები და საზაფხულო ბანაკების ხელმძღვანელები. მათთან კომუნიკაციამ გლობალური თანამშრომლობის უდიდესი გამოცდილება შემძინა, რომელსაც შესაბამისად გამოვიყენებ ჩემს პროფესიაში მომავალი თაობების ფართო დიაპაზონზე წარმატებულად გასასვლელად და ცხოვრების პრიორიტეტული საფეხურების სწორად დასაგეგმად.
– რა მოგცათ ამ პროექტმა თქვენ, როგორც პედაგოგს? ბევრი თვლის, რომ კონკურსებსა და პროექტებში მონაწილეობა მასწავლებლების პიარს უფრო ემსახურება, ვიდრე მათ პროფესიულ განვითარებას. რას იტყოდით ამის შესახებ?
– ხშირად ვხვდებით მოსაზრებას, რომ მასწავლებლის აქტიური მონაწილეობა საგანმანათლებლო პროექტებსა და კონკურსებში მხოლოდ საკუთარი იმიჯის გაუმჯობესების (პიარის) მიზანს ემსახურება; თუმცა, მნიშვნელოვანია ხაზგასმით აღინიშნოს, რომ თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეში წარმატება, მათ შორის პედაგოგიურიც, დიდწილად არის დამოკიდებული ეფექტურ კომუნიკაციასა და პროფესიული საქმიანობის სათანადოდ წარმოჩენაზე. ეს მიდგომა არ აკნინებს გაწეული შრომის, თავდადებისა და კეთილი საქმეების მნიშვნელობას; პირიქით, მოსწავლეთა აკადემიური წარმატება და მშობელთა მადლიერება წარმოადგენს უმთავრეს მოტივაციას, რომელიც მუდმივად მიბიძგებს პროფესიული ზრდისა და განვითარებისკენ. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების ნაწილს, შესაძლოა, უჭირდეს სხვათა მიღწევების პოზიტიურად აღქმა, პირადად ჩემთვის, მოსწავლეებთან ერთად უწყვეტი ზრდის პროცესი განმსაზღვრელი ფაქტორია პროფესიულ საქმიანობაში. მჯერა, რომ მასწავლებლებს შორის გამოცდილების გაზიარება და ჯანსაღი თანამშრომლობა უმნიშვნელოვანესია მოსწავლეთა ინტერესებისთვის. ეს ხელს შეუწყობს საუკეთესო პრაქტიკის დანერგვასა და საგანმანათლებლო პროცესის მუდმივ გაუმჯობესებას“.
მარიამ ყოჩიაშვილი Mariam Kochiashvili: „ჩვენი მთავარი მისია მყარი კავშირების დამყარება იყო სხვა ქვეყნის წარმომადგენელ ახალგაზრდებთან.“
–მარიამ, რა პროექტია „ბრილიანტის გამოწვევა“ და როგორ გაიგე მის შესახებ?
– „ბრილიანტის გამოწვევა“ არის კონკურსი, რომელიც მოიცავს ბიზნესსა და მეწარმეობას. ყოველწლიურად საერთაშორისო კონკურსი ინოვაციურ ახალგაზრდულ ინიციატივებს აფინანსებს სოციალური მეწარმეობის მიმართულებით. ბავშვები სწავლობენ პროექტის წერას, ბიზნეს გეგმის შედგენას, ასევე ავითარებენ იმ უნარებს, რაც საკუთარი საწარმოს შექმნაში დაეხმარებათ.
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდიან ახალგაზრდები თავიანთი მიზნებისთვის და იბრძვიან 12 ათასი დოლარისთვის. ამ კონკურსის შესახებ ჩემმა ინგლისური ენის მასწავლებელმა ეკა სეფიაშვილმა მამცნო.
– როგორ დაინტერესდი ამ პროგრამით?
– ყოველთვის მაინტერესებდა მეწარმეობა, მაგრამ სათანადოდ არ ვიცოდი, როგორ განმევითარებინა ჩემი იდეები. ამიტომ, როგორც კი პროექტის შესახებ შევიტყე, მაშინვე გადავწყვიტე მონაწილეობის მიღება.
– რა საფეხურების გავლა მოგიწია კონკურსში გასამარჯვებლად?
– კონკურსში მონაწილეობისთვის ჩავწერე 2 წუთიანი ვიდეო, სადაც ვისაუბრე ჩემს მიღწევებზე, არაფორმალური განათლების კუთხით ჩატარებულ აქტივობებზე და ყველა ჯილდოზე, რაც კი ოდესმე მიმიღია, და რაც მთავარია, ჩემს ლიდერულ უნარებზე.
– რას ითვალისწინებდა ახალგაზრდა ელჩის სტატუსი?
– ჩვენ, როგორც ახალგაზრდა ელჩებს, გვევალებოდა საკუთარი ქვეყნის საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენა, გვევალებოდა ყველა ტრენინგსა თუ კონფერენციაზე დასწრება და აქ მიღებული ცოდნის თუ გამოცდილების სხვებისთვის გაზიარება. ჩვენი მთავარი მისია კი მყარი კავშირების დამყარება იყო სხვა ქვეყნის წარმომადგენელ ახალგაზრდებთან.
– რომელი ქვეყნის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ ამერიკაში თქვენთან ერთად?
– აღნიშნულ კონფერენციაში ჩართული იყო 20 ქვეყანა. გავიცანი ბავშვები ავსტრალიიდან, იაპონიიდან, ფილიპინებიდან, თურქეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან და სხვა.
– როგორც ვიცით, კულტურათა შორის დიალოგის ფარგლებში შენ საქართველო წარმოადგინე და გააცანი იქ მყოფთ. როგორი იყო მათი შთაბეჭდილება?
– კულტურათა გაცვლა უდაოდ ფენომენალური პროცესი იყო, ვერ აღვწერ, თუ როგორი დიდი ინტერესი გამოიჩინეს საქართველოს მიმართ. აღფრთოვანებულები დარჩნენ ქართული ცეკვით. „ ვიცოდით, რომ ქართული ცეკვა ლამაზი იყო, მაგრამ ასეთი სინაზითა და დახვეწილობით თუ გამოირჩეოდა, ვერასოდეს წარმოვიდგენდითო“-აი, რა მითხრეს ჩემმა ავსტრიელმა და იაპონელმა მეგობრებმა. აღსანიშნავია ისიც, რომ ცეკვა ნახეს დელავერის უნივერსიტეტის სათაო ოფისის წარმომადგენლებმა. როგორც კონფერენციის კურატორმა მახარა, ისინი განსაკუთრებული ინტერესითა და აღფრთოვანებით შესცქეროდნენ მას. მართლაც სახალისო იყო, თუ როგორი მოწადინებითა და თავდადებით ცდილობდნენ სიტყვის _ „დედოფლისწყარო“ თქმას.
– როგორი ქვეყანაა აშშ და რა მოგცა იქ გატარებულმა დრომ?
– აშშ არის ოცნებების ასრულებისა და თავისუფლების ქვეყანა. რაოდენ უცნაურად არ უნდა ჟღერდეს, თვით ჰაერშიც კი იგრძნობა „თავისუფლების სუნი“. სიცოცხლე ყვავის, ხალხი ჭიანჭველებივით დაფუსფუსებს ქუჩებში, ყველას სადღაც ეჩქარება, ყველა სამუშაოდ გარბის და ამ დაუღალავ ჟამთა ბრუნვაშიც კი არ ავიწყდებათ ადამიანობა – ამერიკელები ყურადსაღები სტუმართმოყვარეობით გამოირჩევიან, არავინ დაგტოვებს წაქცეულს, ყველა დახმარების ხელს გიწვდის, ყველა გიღიმის და ამ ელემენტარული ჟესტით დღეს გილამაზებს. იქ გატარებულმა დრომ მასწავლა დამოუკიდებლობა, კრიტიკული აზროვნება, მეგობრობა და იმის დაფასება, რაც მაქვს; მასწავლა ჩემი ქვეყნის სიყვარული და დამანახა ჩვენი კულტურის ფასი.
– პროექტში „ბრილიანტის გამოწვევა“ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ახალგაზრდა თაობა მონაწილეობდა, რითი იყვნენ გამორჩეულები სხვა ახალგაზრდები და რა ისწავლეთ ერთმანეთისგან?
– მონაწილე ახალგაზრდები იყვნენ მიზანდასახულები, შრომისმოყვარენი, მეგობრულები, პატივს სცემდნენ ურთიერთს, არ იგრძნობოდა კონკურენცია. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მათ მასწავლეს, არის ფრაზა: „არ დანებდე!“ გამარჯვებული ერთი იყო, მაგრამ არავის ჩამოუშვია ცხვირი, არავის ჩაუქნევია ხელი და არავინ გავარდნილა ტირილით. მათ მასწავლეს დამარცხების მიღება და მასწავლეს, რომ „რაც არ გკლავს, გაძლიერებს“.
– როგორ მიგაჩნია, როგორია ქართული განათლების სისტემა და რა გამოარჩევს მას ამერიკული განათლების სისტემისგან?
– ჩემი ყველაზე დიდი შენაძენი ამ პროექტში სწორედ ეს იყო. ამერიკაში განათლების სისტემა სრულებით მორგებულია ახალგაზრდების ინტერესებს, მათ შეხედულებებსა და მისწრაფებებს. სხვათა შორის, ბევრი ვისაუბრეთ სკოლაზე და, როგორც აღმოჩნდა, ამერიკაში ბავშვების უფლებები ზედმიწევნითაა დაცული. მაგრამ მე თუ მკითხავთ, საქართველოს განათლების სისტემასაც აქვს თავისი ძლიერი მხარეები: ის ორიენტირებულია მასალის ღრმა და საფუძვლიან ათვისებაზე. ამერიკაში, უნივერსიტეტში მოსახვედრად, ხშირ შემთხვევაში, საჭიროა მხოლოდ სკოლის ნიშნები, სასკოლო აქტივობები და არაფორმალურ განათლებაში მიღწეული წარმატებები.
– გაუზიარე თუ არა შენი შთაბეჭდილებები და იქ მიღებული გამოცდილება შენს მეგობრებს?
– რასაკვირველია, ჩემი გამოცდილება თანატოლებსაც გავუზიარე და ბევრს გაუჩნდა ამ პროექტში მონაწილეობის სურვილი.
– მარიამ, რას ურჩევდი შენს თანატოლებს, რა უნდა გააკეთონ, რომ წარმატებულები იყვნენ?
– წარმატების მზა ფორმულა არ არსებობს, მაგრამ ჩემი რჩევა იქნება, რომ არასოდეს დანებდნენ. რამდენჯერაც დაეცემიან, იმდენჯერ წამოდგნენ და, რაც მთავარია, არ დაიზარონ რაღაც ახლის გაკეთება, გამოვიდნენ კომფორტის ზონიდან და არ შეეშინდეთ ექსპერიმენტების, მუდამ ესწრაფოდნენ უკეთეს ხვალინდელ დღეს, რადგან ვერასდროს მიაღწევთ წარმატებას, თუ ჯიბეში ხელებს ჩაიწყობთ და იტყვით – „მეტი რა ვქნა“! დიახ, სწორედაც რომ მეტი უნდა ქნათ, არ დაკმაყოფილდეთ მცირედით, რადგან „ქარის მოტანილს ისევ ქარი წაიღებს“, ბრძოლა კი გამოცდილებას გძენს და თან გზრდის.
– რას ფიქრობ, რა თვისებები გაქვს, რომლებმაც განაპირობა შენი წარმატება, როგორია შენი თვალით დანახული მარიამი? დაახასიათე საკუთარი თავი…
– ვარ მიზანდასახული, არ ვკმაყოფილდები მცირედით. არ მიყვარს უპასუხისმგებლობა და მუდამ ველტვი სიახლეს. მიყვარს აქტიური ცხოვრება და არაფორმალური განათლება. დროს კარგად ვანაწილებ, ცოტა ხანს ვატარებ სოციალურ ქსელებში, მიყვარს წიგნების კითხვა. მიყვარს ადამიანები და ვცდილობ, არასოდეს ვიყო ქედმაღალი.
– როგორ ქვეყანაში ისურვებდი ცხოვრებას და რის გაკეთებას გეგმავს თაობა, რომელსაც სოციალურმა სივრცემ და გლობალიზაციამ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნისა და კულტურის ახლოდან გაცნობის შესაძლებლობა მისცა?
– მეც და ჩემს თანატოლებსაც გვსურს ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც არის ბედნიერება, თანასწორობა და ფასდება შრომა. გვინდა, რომ ვიცხოვროთ ისეთ საქართველოში, რომელიც მოწინავე იქნება გლობალურ ბაზარზე და გამორჩეული განათლების მაღალი ხარისხით.
გაზეთი „შირაქი“ ულოცავს საერთაშორისო წარმატებას მარიამსა და ეკას და კვლავაც ბევრ პროექტში გამარჯვებას უსურვებს მათ. ჩვენი ქვეყნისა და მუნიციპალიტეტის ღირსეულად წარმოჩენა საერთაშორისო ასპარეზზე ხომ ძალიან მნიშვნელოვანია.
ესაუბრა
ინგა შიოლაშვილი