Home ისტორია ქალაქის სინდისი #1 – ამბავი თელავზე და რვა   ხმაზე

ქალაქის სინდისი #1 – ამბავი თელავზე და რვა   ხმაზე

ამბავი თელავზე და რვა   ხმაზე

დღეს მე მხოლოდ რვა ხმაზე მოვყვები, გაგრძელება იქნება … კიდევ არიან ადამიანები  ვისზეც უნდა მოვყვეთ, ბევრი ბევრი, რათა მომავალმა იცოდეს, ვინ სად ვიყავით….

თელავი-ქალაქი – ვენახებით მოქარგული, ქვის კედლებზე ისტორია ჩამოკიდებული. 

თელავი ასე ცხოვრობდა საუკუნეების მანძილზე.

ახლა, როცა ქვეყანა ღელავს, როცა თბილისის ქუჩებში დროშები  შრიალებს და თავისუფლების ხმები აპობს  ჰაერს, თელავი ჩუმადაა.  

ქალაქში 19 000 ადამიანი ცხოვრობს. ორშაბათიდან კვირამდე მიდიან, მოდიან და დუმან.

მაგრამ დუმილს რვა ადამინის სილუეტი ყოველ დღე არღვევს …

მაგრამ დუმილს რვა ადამინის სილუეტი არღვევს … 

არც ტრიბუნა აქვთ, არც მიკროფონი. არავის უკეტავენ  გზას. ყოველ საღამოს, ქალაქის ადმინისტრაციული შენობის წინ, უბრალოდ დგანან.

უკვე ორას დღეა. ….

თანაქალაქელები ზოგჯერ ფანჯრებიდან იმზირებიან და ამბობენ:

  “ესენიც გადაიღლებიან,”
მაგრამ არ გადაიღალნენ.

ამ ქალაქს არაერთხელ უთქვამს ხმლითა თუ სიტყვის თავის სათქმელი … 

“ესენიც გადაიღლებიან,”
მაგრამ არ გადაიღალნენ.

მაგრამ თელავი, 2024 წლის ნოემბრიდან მოყოლებული, ჩუმადაა.
მაშინ, როცა ქვეყნის სხვა ქალაქები ხმას იღებენ, ქუჩებში დგანან, ევროკავშირის დროშებს აფრიალებენ და შიშის მტვერს იფერთხავენ, თელავი თითქოს ჩუმად არის და თვალს არიდებს საკუთარი სინდისის ანარეკლს.

19 000 ადამიანის ქალაქში, მხოლოდ რამდენიმე ადამიანი დგას ქუჩაში.

და ისინი   — გახდნენ ქალაქის სინდისი.

ქალაქის სინდისი


რვა  სახე — რვა  ხმა

აჩიკო, მეტსახელად “მოქალაქე”, ქუჩის პოლიტიკიდან შორს მდგომი, მაგრამ პასუხისმგებლობით სრულად ჩართულია. „არ გავჩუმდები.“- ეს მისი დევიზია
მის ხმაში მოქალაქეობრივი ხმაა, რომელიც არც იდეოლოგიას ეკუთვნის და არც პარტიას — ეკუთვნის თელავის თავზე გადმოკიდებულ ლურჯ ცას.

პროფესორები — გიორგი, ქეთევანი,  ნინო,  თამარი და ნუციკო — ისინი არ საუბრობენ მხოლოდ აკადემიური ტონით. მათი გამოჩენა გზაზე ის გაკვეთილია, რომელიც ეყრდნობა არა მხოლოდ ცოდნას, არამედ ზნეობრივ პოზიციას.
გიორგი ხშირად იმეორებს :

„ამ ქალაქს ოდესღაც სიტყვა ჰქონდა ნათქვამი ერის ისტორიაში “ —  ისტორიკოსის ეს  სიტყვები მახვილივით  ანგრევს და განგმირავს  დუმილს.
ქეთევანის, ნუციკოს, ნინოს და თამარის მორიდებული სიჩუმე კი სწორედ ის ლექციაა, რაც დახლართულ საზოგადოებაში ყველაზე დიდ ზემოქმედებას ახდენს — მორალის გაკვეთილი უკაცრიელ მინდორში.

ბელა — დედაა, ქალი, ძალა. მის ხმაში  ძნელად გაავლებთ საზღვრებს.  იგი შვილის კითხვამ  გადააქცია  პოლიტიკურად აქტიურ  არსებად:
„დედა, შენ თუ არ წახვალ, მერე გასაპროტესტებლად აღარავინ წავა?“ ჰკითხე ერთხელ ბელას მისმა ქალიშვილმა. 

და იმ დღიდან …
ბელა ყოველ დღე ქალაქის ცენტრშია… იქ სადაც სინდისი ფეთქვას,  სადაც ტკივილი და პასუხისმგებლობა გადაჯაჭვულია.  იგი იმაზე მტკიცეა, ვიდრე ნებისმიერი ბარიერი, რაც გზაზე შეიძლება შეხვდეს. იმიტომ კი არა, რომ უშიშარია, არამედ იმიტომ, რომ არ აქვს უფლება, შიშს მოუხუჭოს მომავალს თვალი.

იქ სადაც თელავის სინდისი ფეთქავს…

ვანო — ამ ქალაქის  უაბჯრო ჯარისკაცია,  უხმო, მემატიანე, ქუჩის კაცი, რომელსაც არავინ ეკითხება აზრს, მაგრამ სწორედ მას გააჩნია უხილავი ზნეობრივი ხერხემალი.
მისი ყოველდღიური დგომა იმ სიმშვიდეს ჰგავს, რომელიც ომის შემდეგ იბადება და მხოლოდ ერთხელ იბარებს: „ახლა თქვენი ჯერიაო.“

 ეს ადამიანები, არიან თელავის ფუძე იმ დრომდე, სანამ დანარჩენები გაიხსენებენ, რომ სინდისი ხმაურით კი არა, დგომით იწყება.
და ქვეყანა იცვლება მაშინ, როცა ერთი ქალაქი — თუნდაც რვა  ადამიანით — წყვეტს დუმილს. 


რვა  წერტილი რუკაზე

მხოლოდ რვანი. მაგრამ საკმარისნი.
ისინი არ აწყობენ რევოლუციას. არ ფარავენ ქუჩებს. არც კადრებში მოხვედრაზე ზრუნავენ.
ისინი დგანან — და ამით უკვე აკეთებენ იმაზე მეტს, ვიდრე სიტყვებით შეიძლება გაკეთდეს.

საზოგადოება შესაძლოა ჯერ კიდევ ფიქრობს: „რას ცვლის რვა  ადამიანი?“
მაგრამ ისტორია არ ითვლის რიცხვებს — ისტორია ამბობს, ვინ იდგა, როცა  სხვანი დუმდნენ


კითხვა ქალაქს

როცა ოდესმე თელავს ჰკითხავენ — სად იყავი, როცა ქვეყანას ხმა სჭირდებოდა?
შეიძლება ცოტას აუჩუყდეს გული. აუთრთოლდეს ხმა,  შეიძლება თვალი აარიდონ.
მაგრამ ბოლოს და ბოლოს პასუხი მაინც იქნება:


„იქ ვიყავით, სადაც ეს რვა  კაცი იდგა. ისინი იყვნენ ჩვენი სინდისი. და როცა მათ ვუყურებდით — საკუთარ თავსაც ვხედავდით. შეიძლება მაშინ ჯერ კიდევ ჩუმად, მაგრამ გაღვიძებულად.“

„იქ ვიყავით, სადაც ეს რვა  კაცი იდგა. ისინი იყვნენ ჩვენი სინდისი. და როცა მათ ვუყურებდით — საკუთარ თავსაც ვხედავდით. შეიძლება მაშინ ჯერ კიდევ ჩუმად, მაგრამ გაღვიძებულად.“