მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში საქართველოში სულ 18.9 მლნ დოლარის ღირებულების 55 573 ტონა ხორბლის და მესლინის იმპორტი განხორციელდა.
ოფიციალური სტატისტიკით, გასულ წლებში ამ პერიოდისთვის ჯამურად ქვეყნის მიერ შეძენილი ხორბლის მოცულობა 200 000 ტონამდე ან მეტი იყო. შესაბამისად წელს იმპორტირებული ხორბლის ღირებულება 2021 წლის 7 თვის მონაცემებთან შედარებით 59%-ით შემცირდა.
ამ პერიოდის განმავლობაში აღნიშნული პირველადი მოხმარების საქონლის მთავარ საიმპორტო ბაზრად კვლავ რუსეთი რჩება და ამ კუთხითაც ხორბლის შესყიდვის მაჩვენებელი წინა პერიოდთან შედარებით მნიშვნელოვნად შემცირებულია. ჯამურ იმპორტში რუსეთზე 86% მოდის.
ხორბლის საიმპორტო ბაზრების რეიტინგი კი ასეთია:
1. რუსეთი – 17 მლნ დოლარი, 48 300 ტონა;
2. ყაზახეთ – 1.3 მლნ დოლარი, 3 703 ტონა;
3. სომხეთი – 714 ათასი დოლარი, 3 569 ტონა.
ხორბლის იმპორტის კლების საპირისპიროდ 2022 წლის განმავლობაში შესამჩნევად გაიზარდა ფქვილის იმპორტის მაჩვენებლები. შედეგად იანვარ-ივლისში საქართველოში სულ 36.2 მლნ დოლარის ღირებულების 95 725 ტონა ფქვილის იმპორტი განხორციელდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საქონლის საიმპორტო მოცულობა 895.6%-ით, ხოლო ღირებულება 1174.6%-ით გაიზარდა, რაც ფქვილის იმპორტის ზრდის რეკორდულ მაჩვენებელს წარმოადგენს.
რაც შეეხება ქვეყნებს, სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, ხორბლის იმპორტის მსგავსად ამ შემთხვევაშიც მთავარი საიმპორტო ქვეყანა რუსეთია. ამ ბაზარზე მთლიანი იმპორტის თითქმის 99% მოდის.
ფქვილის საიმპორტო ქვეყნები:
1. რუსეთი – 35.5 მლნ დოლარი, 94 631 ტონა;
2. თურქეთი – 442 ათასი დოლარი, 650 ტონა;
3. იტალია – 95 ათასი დოლარი, 92 ტონა;
4. ყაზახეთი – 79 ათასი დოლარი, 204 ტონა;
5. ავსტრია – 32 ათასი დოლარი, 40 ტონა;
6. ლიეტუვა – 26 ათასი დოლარი, 32 ტონა;
7. უკრაინა – 25 ათასი დოლარი, 67 ტონა;
შეგახსენებთ, რომ ხორბლისა და ფქვილის, ასევე პურის მწარმოებლები ხორბლის იმპორტის შემცირებისა და ფქვილის იმპორტის ზრდის მიზეზად, რუსეთიდან ხორბლის ექსპორტზე დაწესებულ ბაჟს, ფქვილზე კი ნულოვან გადასახადს ასახელებენ, რაც ხორბლის იმპორტს არარენტაბელურს ხდის. შედეგად ქვეყანაში ივნისიდან მსხვილმა წისქვილკომბინატებმა როგორც ხორბლის გადამუშავება, ასევე იმპორტი შეაჩერეს და მათი ნაწილი ფქვილის შემოტანაზე გადაეწყო.