ინტერნეტთაღლითობა დროთა განმავლობაში სხვადასხვა ფორმას იძენს, რათა მომხმარებლები უფრო მარტივად შეიყვანონ შეცდომაში და საკუთარი საბანკო მონაცემები დასტყუონ.
რაც უფრო მეტად „იხვეწება“ თაღლითობის ფორმები, უფრო მეტად უჭირთ ინტერნეტმომხმარებლებს მათი ამოცნობა, შედეგად კი ზარალდებიან. ბოლო პერიოდში ფიშერები ანუ ინტერნეტთაღლითები ყველაზე ხშირად შემდეგ 4 მეთოდს იყენებენ:
სოციალურ ქსელებში გავრცელებული შეთავაზებები
რომელიმე მობილური ოპერატორის სახელით შექმნილი გვერდებიდან თაღლითები ავრცელებენ ინფორმაციას სერვისების ან იაფი ინტერნეტპაკეტების შესახებ.
„ფეისბუქის“ ან „ინსტაგრამის“ მომხმარებელი გადადის ბმულზე და ინტერნეტსერვისების შესაძენად მიჰყვება ბანკის დისტანციური არხების Mbank/Ibank-ის მსგავს ბმულს, სადაც შეჰყავს თავისი იუზერი და პაროლი. რადგანაც გვერდი, სადაც მომხმარებელმა თავისი პირადი ინფორმაცია შეიყვანა, ყალბია, თაღლითები იპარავენ აღნიშნულ მონაცემებს. შემდეგ კლიენტს სმს შეტყობინების სახით ეგზავნება ერთჯერადი კოდი, რომლითაც როგორც წესი, გადახდა უნდა დაადასტუროს და მოტყუებული მომხმარებელი კი აღნიშნულ მონაცემს ფროდსტერს უზიარებს ან თავად შეჰყავს ყალბ გვერდზე. კოდით დადასტურების შემდეგ კი სამწუხაროდ, თაღლითები ანგარიშზე არსებულ თანხას ითვისებენ.
სასურველია გადაამოწმოთ, რამდენად რეალურია შეთავაზება, დაეჭვების შემთხვევაში დაუკავშირდეთ მობილურ ოპერატორებს და გადაამოწმოთ ის. ასევე, ეცადეთ, ისარგებლოთ ოპერატორების აპლიკაციებით ან სერვისები მათ მიერ შემოთავაზებული კოდების მეშვეობით შეიძინოთ. ასე უფრო დაცულები იქნებით თაღლითობისგან.
ბანკის სახელით დაანონსებული აქციები და გათამაშებები
მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ მეთოდს ფიშერები დიდი ხანია იყენებენ, მახეში დღემდე ბევრი ინტერნეტმომხმარებელი ებმება.
მაგალითისთვის, თაღლითები, როგორც წესი, დღესასწაულების პერიოდში ავრცელებენ შეტყობინებებს სხვადასხვა გათამაშების შესახებ. წინასაახალწლოდ ვრცელდება სმარტფონების „გათამაშება“, რომელშიც „მონაწილეობის მისაღებად“ ინტერნეტმომხმარებელი გადადიოდა ბმულზე და შემდეგ – ბანკის დისტანციური არხების Mbank/Ibank-ის მსგავს გვერდზე, სადაც საკუთარი იუზერი და პაროლი შეჰყავდა.
თაღლითები აღნიშნულ ინფორმაციას „იპარავდნენ“, ხოლო მას შემდეგ, რაც მომხმარებელს სმს-ის სახით მიღებული კოდი შეჰყავდა ან მას ფროდსტერს უზიარებდა, კარგავდა ანგარიშზე არსებულ თანხას. ეს სქემა დროდადრო აქტიურდება დღესასწაულების წინ.
მსგავს გათამაშებებში ჩართვამდე სასურველია, გადაამოწმოთ ინფორმაცია ბანკთან ან ნებისმიერ იმ კომპანიასთან, ვისი სახელითაც ვრცელდება გათამაშება. გახსოვდეთ, არასდროს შეიყვანოთ პირადი მონაცემები უცხო პირების მიერ შემოთავაზებულ საეჭვო ბმულებზე.
MyMarket / MyAuto-ს მომხმარებლებისთვის „მყიდველის“ სახელით მიწერა
თუ ინტერნეტმომხმარებელი MyMarket-ზე ან MyAuto-ზე დებს გასაყიდ ნივთს, თაღლითები მას უკავშირდებიან WhatsApp-ის ან Viber-ის მეშვეობით და სთხოვენ ნივთის საფოსტო ან საკურიერო სერვისით მიწოდებას. შეთანხმების შემდეგ თაღლითები უკვე უგზავნიან საფოსტო სერვისის ყალბ ბმულს (შესაძლოა იყოს DHL ან ნებისმიერი სხვა კომპანია). ინტერნეტმომხმარებელი საკურიერო სერვისის გადახდისთვის გადადის მიღებულ ბმულზე, ყალბ გვერდზე, რომელიც რომელიმე ბანკის მობილ ბანკის გვერდის მსგავსია და შეჰყავს ინტერნეტ და მობილბანკის მონაცემები, რის შემდეგაც ხდება თანხის მითვისება.
ზოგიერთ შემთხვევაში, ინტერნეტმომხმარებელს ვითომ ნივთის ღირებულების თანხის ჩარიცხვის მიზნით, უგზავნიან ყალბ ბმულს – „აირჩიეთ ბანკი, სადაც გსურთ თანხის მიღება“. ბანკის არჩევის შემთხვევაში, ის გადადის რომელიმე ბანკის Mbank/Ibank-ის მსგავს გვერდზე, სადაც თავისი იუზერი და პაროლი შეჰყავს. ამ შემთხვევაშიც, თაღლითები ითვისებენ მომხმარებლის თანხას.
MyMarket-ის, MyAuto-სა და სხვა ელექტრონული კომერციის გვერდების მომხმარებლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ანგარიშსწორება ხდება საბანკო ანგარიშით ან პირადი ნომრით და ამისთვის საჭიროებას არ წარმოადგენს სხვა სახის პირადი მონაცემის პაროლისა და იუზერის გაცემა.
ფულადი გზავნილების კომპანია Western Union-ით გადარიცხვა
Western Union-ით გადარიცხვის სქემა შემდეგნაირად მუშაობს: ფროდსტერი უძრავი ქონების სხვადასხვა ვებგვერდზე (Booking.com, MyHome და სხვა) ნახულობს განცხადებებს და უკავშირდება მესაკუთრეს, დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში უძრავ ქონებასთან დაკავშირებით არკვევს სხვადასხვა დეტალს, მათ შორის, შეიძლება იკითხოს, დაიშვებიან თუ არა ცხოველები და ა. შ. აღნიშნული კითხვების დასმა თაღლითს მსხვერპლის ნდობის მოსაპოვებლად სჭირდება. საბოლოოდ კი თაღლითი განმცხადებელს უთანხმდება, რომ სურს ქირაობა და პირველი თვის საფასურს ან თანხის ნაწილს გზავნილის საშუალებით გამოუგზავნის. ამის შემდეგ კი უზიარებს Western Union-ის ფიშინგ ბმულსა და ასევე კოდს, რომელიც რეალურად გზავნილის მიღების ყალბი კოდია.
უმეტეს შემთხვევაში, უძრავი ქონების მესაკუთრე აღნიშნული კოდით ცდილობს მობილ ბანკში გზავნილის მიღებას, მაგრამ ვერ ახერხებს, რადგან არარსებულ გადარიცხვასთან აქვს საქმე. აღნიშნული „ხარვეზის“ შემდეგ, თაღლითები მას სთავაზობენ, რომ მათ მიერ მიწოდებული Western Union-ის ბმულით ისარგებლოს და ისე მიიღოს გზავნილი. აღნიშნულ ბმულზე გადასვლის შემდეგ მსხვერპლს თავდაპირველად შეჰყავს ფროდსტერის მიერ გაზიარებული ყალბი გზავნილის კოდი. მომდევნო გვერდზე გადასვლის შემდეგ კი სთავაზობენ, აირჩიოს მომსახურე ბანკი, რის შემდეგაც იხსნება ინტერნეტ ან მობილბანკთან მიმსგავსებული ფიშინგ გვერდი, სადაც მომხმარებელს იუზერისა და პაროლის შეყვანას სთხოვენ. მონაცემების შეყვანის შემდეგ ფროსტერები „იპარავენ“ მსხვერპლის პირად ინფორმაციას, შედიან მის ინტერნეტ თუ მობილ ბანკში და ითვისებენ თანხას.
აღნიშნული სქემისგან თავის დასაცავად რეკომენდებულია, არ მიჰყვეთ მესამე პირის მიერ გაზიარებულ ბმულს. დაიმახსოვრეთ, არასდროს გაუზიაროთ მესამე პირს თქვენი პირადი საბანკო მონაცემები. იმ შემთხვევაში, თუ კოდით თანხას ვერ იღებთ, უმჯობესია, დაინტერესებულ პირს ანგარიშსწორებაზე უარი უთხრათ.
დაიმახსოვრეთ: არასდროს გადახვიდეთ უცხო ადამიანების მიერ გამოგზავნილ საეჭვო ბმულებზე. იმ შემთხვევაში კი თუ გადარიცხვისთვის ibank ან mbank-ში შესვლა გჭირდებათ, თავად აკრიფეთ ვებგვერდის მისამართი ან შედით თქვენი მობილბანკის აპლიკაციაში და არ გადახვიდეთ სხვის მიერ გაზიარებულ, უკვე გახნილ ვებგვერდებზე.
იმისათვის, რომ ინტერნეტთაღლითებისგან დაგებულ მახეში არ გავებათ, არასდროს გასცეთ პირადი მონაცემები, რამდენად მომხიბვლელადაც არ უნდა ჟღერდეს შეთავაზება. აღსანიშნავია, რომ სააღდგომო პერიოდში შესაძლოა ყალბი გათამაშებები ინტერნეტში აქტიურად გავრცელდეს და გაუფრთხილებლობის გამო არაერთი მომხმარებელი დაზარალდეს. აუცილებელია ნებისმიერი ასეთი გათამაშების შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, მისი არსებობა კომპანიასთან გადავამოწმოთ.