როცა ფასების დონე იზრდება და ნომინალური შემოსავლები – არა ან ზრდა უფრო დაბალია, მაშინ მოსახლეობის მდგომარეობა უარესდება. მდგომარეობა უარესდება, რადგან მათი რეალური შემოსავლები მცირდება. ასეთ დროს უფრო ნაკლები საქონელი და მომსახურების შეძენა შეუძლიათ, ვიდრე მანამდე. ამდენად, ფასების საერთო დონის ზრდა – ინფლაცია ადამიანების კეთილდღეობას ამცირებს.
ნომინალური შემოსავლების ძირითადი წყარო ხელფასებია. ხელფასები გაცილებით უფრო ხისტია, ვიდრე საქონელსა და მომსახურებაზე ფასები. ფასების ზრდის პარალელურად დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის პირობები არ იცვლება. ფასები იზრდება, მაგრამ ამავე პერიოდში ნომინალური ხელფასები უცვლელია, რაც რეალური ანაზღაურების შემცირებას ნიშნავს. მაგალითად, დაქირავებული შრომიდან მიღებული ხელფასების ეკონომიკაში მთლიანი შემოსავლების ფორმირების 1/3-ზე მეტია. 2021 წლის მონაცემების მიხედვით, საშუალო სტატისტიკური შინამეურნეობის ფულადი შემოსავლის 45.9% ხელფასია. ამ პერიოდში დაქირავებით დასაქმებული 829.4 ათასი ადამიანი იყო.
ამდენად, იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლის შემოსავლის წყარო ხელფასია და ფასების ზრდის წნეხი მძიმე, მოსახლეობის დიდი ნაწილია. მათი მდგომარეობა კი თვიდან თვემდე უარესდება, რადგან სამომხმარებლო ფასების დონის ზრდა წელიწადია, რაც ორნიშნა მაჩვენებელია. ამის გამო რეალური ხელფასები შემცირებულია, თუმცა ხელფასების ცვლილება ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში განსხვავებულია. ზოგიერთ სფეროში, პირიქით, რეალური ხელფასები გაზრდილია.
ზრდის კუთხით გამორჩეული საფინანსო და საჯარო სექტორია. ეს ორი მიმართულება არამხოლოდ რეალური ხელფასების ზრდით, არამედ ეკონომიკის დარგებს შორის მაღალი ხელფასების დონითაც გამოირჩევა. საფინანსო სექტორი ნომერ პირველია ყოველთვიური საშუალო ხელფასის ოდენობით. 2022 წლის პირველ კვარტალში, წინა პერიოდთან შედარებით, საფინანსო სექტორში საშუალო რეალური ხელფასი 21.3%-ით გაიზარდა. ეკონომიკის აღნიშნულ დარგში წლიურ ჭრილშიც ზრდაა, რადგან 2021 წლის პირველ კვარტალთან შედარებით საშუალო რეალური ხელფასი 9.6%-ით მეტია. ეს მაჩვენებელი საჯარო მმართველობის ნაწილში 2.0%-იანი კლებაა, მაგრამ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 21.4%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ამის მიზეზი ნაწილობრივ მიმდინარე ფისკალურ წელს საბაზო სარგოს მატებაა, რამაც, ავტომატურად, ყველა საჯარო მოხელის ხელფასების ზრდა გამოიწვია.
საფინანსო სექტორს არამხოლოდ მიმდინარე პერიოდში, არამდე ადრეულ ეტაპზეც რეალური ხელფასების ზრდის ტენდენცია ახასიათებდა. 2014 წლიდან საშუალო კვარტალური ზრდის ნიშნული სექტორებს შორის ყველაზე მაღალი 2.6%-ია. ნომინალური გამოხატულებაში ხელფასების ზრდის ტემპი უფრო მაღალია. შედეგად, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საფინანსო სექტორში საშუალო ნომინალური ხელფასი ოდენობამ 3 037.5 ლარი შეადგინა, რაც 2021 წლის ბოლო კვარტალში 2 431.6 ლარი იყო. ამ პერიოდში ყველაზე დაბალი ანაზღაურება 915.9 ლარი განათლების სექტორშია, რომელიც მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 895.4 ლარამდე შემცირდა. რეალური გამოხატულებაში განათლების სექტორში საშუალო ნომინალური ხელფასი კვარტალურად 5.0%-ითაა შემცირებული, ხოლო წლიურად 2.1%-იანი კლებაა.
მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, წინა პერიოდთან შედარებით, საერთო საშუალო რეალური ხელფასი 4.0%-ითაა შემცირებული, რაც წლიურ ჭრილში მცირედით, 1.8%-ით გაიზარდა. მიმდინარე წელის პირველ კვარტალში ეკონომიკის ყველა სექტორში, გარდა საფინანსო და საჯაროსი, რეალური ხელფასების დონე შემცირებულია. ამ პერიოდში, ყველაზე მეტი, 20.3%-იანი კლება სოფლის მეურნეობაშია. ამ სექტორში ხელფასების კლება ნაწილობრივ სფეროსთვის დამახასიათებელი სეზონურობითაც არის განპირობებული, თუმცა სეზონურობის გამორიცხვით, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საშუალო რეალური ხელფასი მცირედით, 0.5%-ით შემცირებულია. გასულ წელს კი ეს დარგი საშუალოდ 230.3 ათას შრომისუნარიან ადამიანს ასაქმებდა.
უფრო ნაკლები, 94.4 ათასი ადამიანი იყო მშენებლობის სექტორში დასაქმებული, რომელთა რაოდენობა პანდემიის პერიოდში შემცირდა. სოფლის მეურნეობის შემდეგ, 2022 წლის პირველ კვარტალში, წინა პერიოდთან შედარებით, საშუალო რეალური ხელფასი მკვეთრად, 17.8%-ით სწორედ მშენებლობის დარგშია შემცირებული. გასულ წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კლება 0.7%-ია. 2022 წლის პირველ კვარტალში მშენებლობის სექტორის ნომინალურმა საშუალო ხელფასმა 1 626.5 ლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 1 463.9 ლარი იყო. კიდევ ერთი მკვეთრად შემცირებული სექტორი ტრანსპორტი და დასაწყობებაა. 2021 წელს ეკონომიკაში ლოგისტიკის სფერო 76.4 ათას შრომისუნარიან ადამიანს ასაქმებდა. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, წინა პერიოდთან შედარებით, ამ სექტორში საშუალო რეალური ხელფასი 13.3%-ით შემცირდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 1.8%-იანი კლებაა.
საერთო ჯამში, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საშუალო რეალური ხელფასები უმეტეს სექტორში შემცირებულია. მათ შორის, ისეთ მსხვილ დამსაქმებელ დარგებში, როგორიცაა – სოფლის მეურნეობა, განათლება და მშენებლობა. 2021 წელს მხოლოდ ეს სამი სექტორი ერთად 470.6 ათას ადამიანს ასაქმებდა. რეალური ხელფასის კლების მიზეზი ფასების ორნიშნა ზრდაა, რომლის დინამიკა ნომინალური ხელფასების ზრდის ტემპს აჭარბებს, თუმცა არსებობს გამონაკლისი დარგები, სადაც ნომინალური ხელფასების ზრდის ტემპი მაღალია და შესაბამისად, რეალური ხელფასები არა თუ არ შემცირებულა, არამედ გაიზარდა. მაგალითად, ასეთია საფინანსო სექტორი, სადაც საშუალო რეალური ხელფასი კვარტალურად 21.3%-ით გაიზარდა, ხოლო წლიურად 9.6%-ით. ამ სექტორში საშუალოდ 31.0 ათასი ადამიანი იყო დასაქმებული.