საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, უცხოური გავლენის აგენტების შესახებ მიღებულ კანონპროექტს საპარლამენტო უმრავლესობა მეორე მოსმენაზე მხარს არ დაუჭერს.
დღეს გამართულ ბრიფინგზე მდინარაძემ თქვა, რომ პარლამენტის რეგლამენტი პირველი მოსმენით მხარდაჭერილი კანონპროექტის გაწვევას არ ითვალისწინებს.
“რაც შეეხება პირველი მოსმენით გასულ კანონპროექტს და მისი გამოწვევის გზებს, რეგლამენტის მიხედვით ის მეორე მოსმენით გავა და მეორე მოსმენის დროს ჩავარდება. ეს ჩავარდნა საბოლოოდ პროცედურულად გადაწყვეტს ამ საკითხს. კანონი ჩავარდება პირველივე პლენარულ სხდომაზე, როგორც ამას საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი ითვალისწინებს”, – აცხადებს მდინარაძე. მისივე განმარტებით, კანონპროექტის მეორე მოსმენა 20 მარტის კვირაში გაიმართება.
„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ გადაწყვიტა, გაიწვიოს პირველი მოსმენით უკვე მიღებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელმაც მასობრივი საპროტესტო გამოსვლები გამოიწვია.