Home დღის ამბები ეკონომიკა „უახლოეს პერიოდში პურზე ფასის ცვლილება მოსალოდნელი არ არის“

„უახლოეს პერიოდში პურზე ფასის ცვლილება მოსალოდნელი არ არის“

„პურის მცხობელთა ასოციაციის“ თავმჯდომარის, მალხაზ დოლიძის განცხადებით, მომავალი ორი თვის განმავლობაში პურზე ფასის ცვლილება მოსალოდნელი არ არის, რაც ფქვილის ფასის სტაბილურობით არის განპირობებული.

როგორც მან  აღნიშნა, კვების პროდუქტებში ყველაზე სტაბილური ფასი პურს აქვს.

„რომ იძახიან ხოლმე აუწიე, დაუწიე – არასერიოზულია. კვების პროდუქტებში ყველაზე სტაბილური ფასი მაინც პურს აქვს. მასობრივი მოხმარების პურის ღირებულება 1-ნახევარი 2 ლარის ფარგლებშია და ამაზე მეტი არ არის, ვერავინ მეტყვის. ჩვენთან საქართველოში რომ პურპროდუქტებზე დაბალი ფასებია, ასეთი არც აზერბაიჯანში, არც სომხეთში და არც რუსეთშია,“ – აღნიშნავს დოლიძე.

რაც შეეხება ხორბლისა და ფქვილის მარაგების კუთხით არსებულ მდგომარეობას – როგორც „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი ლევან სილაგავა განმარტავს, ხორბალზე საექსპორტო საბაჟო გადასახადმა უმნიშვნელოდ მოიმატა, თუმცა მომავალი კვირების განმავლობაში ბაჟის მატებას არ ელოდებიან, რაც ნიშნავს, რომ ამ მიმართულებით სტაბილური სიტუაციაა მოსალოდნელი.

მისივე თქმით, ფქვილზე სტაბილური ფასები ნარჩუნდება და პურის მწარმოებლებს პირველი ხარისხის ფქვილი 70 ლარზე ნაკლებ ფასად მიეწოდება.

„პურის ასოციაციამ განაცხადა, რომ პურზე მომავალი 2 თვის განმავლობაში ფასთა ცვლილებებს არ ელოდებიან. ფაქტობრივად, დღესდღეობით ბაზარი არის სტაბილური და დაახლოებით, 2 თვის განმავლობაში ასე იქნება. სავარაუდოდ, უფრო გრძელვადიანადაც, მაგრამ აქ ბოლომდე პროგნოზს ვერ ვრისკავთ,“ – აღნიშნავს სილაგავა.

მისივე თქმით, რამდენიმე დიდ წისქვილკომბინატს მუშაობა კვლავ არ გაუახლებია, თუმცა სავარაუდოდ, მომავალი წლიდან ისინიც ამუშავდებიან.

„მცირე და საშუალო წისქვილკომბინატები მუშაობს, ზოგი დიდიც მუშაობს, მაგრამ რამდენიმე დიდ წისქვილს მუშაობა ჯერ კიდევ არ განუახლებია, იმიტომ, რომ მაინც ელოდებიან სტაბილურობის ტრენდი როგორ შენარჩუნდება. ბაზარს ხორბალი არ აკლია, თუმცა დიდ წისქვილკომბინატებს უფრო დიდი მასშტაბის ხორბლის სტაბილური მიწოდება სჭირდება. სავარაუდოდ, ახალი წლიდან ისინიც განაახლებენ მუშაობას,“ – განაცხადა სილაგავამ.