„ბანკიდან ბანკში გადარიცხვები გამარტივდება და გაიაფდება,“- ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა, საქართველოს ერთიან ევროგადახდის სისტემაში გაწევრიანებით მიღებულ სარგებელზე საუბრისას განაცხადა.
„საგადასახადო პროვაიდერები ვალდებულები იქნებიან, მეტი ინფორმაცია მიაწოდონ მომხმარებელს, ასევე ეროვნული ბანკი ტარიფებზე მოაგროვებს ინფორმაციას, რომელიც სებ-ის საიტზე გამოქვეყნდება და მომხმარებელს საშუალება ექნება, სასურველი ბანკის ტარიფი აირჩიოს, შესაბამისად ბანკიდან ბანკში გადარიცხვები გამარტივდება და გაიაფდება. უნდა მოველოდოთ კომერციული ბანკების მომსახურების გაიაფებას.
ამ მიმართულებით ჩვენ სხვა ნაბიჯებზეც ვმუშაობთ, ეს არის მყისიერი გადახდის სისტემა, რომელზეც ვაპირებთ ცოტა ხანში ტენდერის გამოცხადებას. ეს გულისხმობს, რომ ერთი ბანკის მომხმარებლის მიერ მეორე ბანკის მომხმარებელთან გადარიცხვა მაქსიმუმ 10 წამში მოხდება და ამასთან, მინიმალური ხარჯებით.
დაახლოებით წელიწადნახევარში ეს ყველაფერი საქართველოშიც შესაძლებელი იქნება. ძირითადი ცვლილება იქნება ახალი სისტემა, აიტი პლატფორმა. ამაზე მსოფლიო ბანკთან ერთად ვმუშაობთ,“ – განაცხადა სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა ერთიანი ევროგადახდის სივრცეში (SEPA) ქვეყნის გასაწევრიანებლად მომზადებულ 1 700 გვერდიან კანონპროექტს, რომელიც დაჩქარებული წესით იქნა განხილული, მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი. კანონპროექტთა პაკეტით მომზადებული ცვლილებები SEPA-ში გაწევრიანების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს და 21 კანონს შეეხება.