საქართველოში რთველი აქტიურ ფაზაშია შესული. ადგილობრივი კომპანიები კახეთში მევენახეებისგან ძირითადად რქაწითელის ყურძენს იბარებენ. ამის პარალელურად სუფრის ყურძნის ექსპორტისა და იმპორტის სტატისტიკური მონაცემებიდან ჩანს, რომ ღვინის სამშობლოში სუფრის ყურძნის იმპორტი ექსპორტს აღემატება, უფრო მეტიც ექსპორტის მაჩვენებლები მინიმალურია.
სუფრის ყურძნის წლიური იმპორტის მიხედვით, გასულ წელს ჯამში ქვეყნიდან 1 962 ტონა საქონლის შესაძენად 1.6 მლნ დოლარი გავიდა. რაც შეეხება ექსპორტს, გასულ წელს 4 ქვეყანაში სუფრის ყურძნის რეალიზებით 602 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო და ჯამში მხოლოდ 829 ტონა ყურძენი გაიტანა. უნდა აღინიშნოს, გასულ წელს ექსპორტის დიდი ნაწილი ადგილობრივი წარმოების ყურძნის რეალიზებაზე მოდიოდა და მისი მთავარი საექსპორტო ბაზარი რუსეთი (578 ათასი დოლარი, 799 ტონა) იყო. მცირე მოცულობით სუფრის ჯიშების ყურძენი ყატარსა(20 ათასი დოლარი, 10 ტონა) და ყაზახეთშიც (4 ათასი დოლარი, 20 ტონამდე) გაიყიდა. ამავე პერიოდში საქონელი რეექსპორტით სომხეთში (19 ათასი დოლარი, 7 ტონა) გავიდა.
რაც შეეხება მიმდინარე წლის 7 თვის მონაცემებს, ამ პერიოდის განმავლობაში ქვეყანამ 875.5 მლნ დოლარის, 930 ტონა სუფრის ყურძნის იმპორტი განახორციელა. ეს კი გასული წლის იანვარ-ივლისის იმპორტის ღირებულებას 42%-ით, მოცულობით კი 22%-ით.
საიმპორტო ბაზრების ჩამონათვალი ასეთია:
• სომხეთი – 642.8 ათასი დოლარი, 793 ტონა;
• ნიდერლანდები – 163 ათასი დოლარი, 56 ტონა;
• თურქეთი – 69 ათასი დოლარი, 80 ტონა.
საქსტატიდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, სუფრის ყურძნის იმპორტიორთა შორის კომპანიებთან ერთად ინდმეწარმეებიც არიან. იმპორტიორი კომპანიების სია კი ასეთია: შპს “vip servici”, შპს “ტარიელი”, შპს აკსუ, შპს გარდენი; შპს გეოიმპექს; შპს ეკო ფრუიტ; შპს ელიფ; შპს კრისტალი; შპს ლაზიკა; შპს მადლი 77; შპს მანი; შპს როიალ კინგ; შპს ტროპიკალ ფრუიტს; შპს ფანგუს; შპს ფრუტ ლენდი; შპს ჯორჯიან-აგრო; შპს ჰერმესი.
როგორც აღვნიშნეთ, ქვეყნიდან სუფრის ყურძნის ექსპორტი მინიმალურია. შესაბამისად, მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში მხოლოდ 60.9 ათასი დოლარის ღირებულების 52 ტონა ყურძენი გაიყიდა. აქედან 26.8 ათასი დოლარი წმინდა ექსპორტია, ხოლო 34 ათასი დოლარი რეექსპორტი. ამ პერიოდში სუფრის ყურძენი ქვეყნიდან მხოლოდ რუსეთში გავიდა, რეექსპორტი კი სომხეთში განხორციელდა.
ექსპორტიორი კომპანიების სია ასეთია: შპს გეოიმპექს, შპს ეკო ფრუიტ, შპს კონოჰა, შპს ტროპიკალ ფრუიტს, შპს ფრუტ ლენდი.
ცნობისთვის, ექსპორტიორი და იმპორტიორი კომპანიები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით.