ხანგრძლივი წვიმების შედეგად ადიდებულმა მდინარე ალაზანმა ახმეტის მუნიციპალიტეტში დამცავი ჯებირები გაარღვია.
არსებული ინფორმაციით- მოვარდნილმა წყალმა სოფელ ქვემო ალვანის შესასვლელი, სასოფლო სამეურნეო სავარგულები და გზების ნაწილი დატბორა, სოფელ ქვემო ალვანში დატბორილია მეცხოველეობის ფერმა და მისი მიმდებარე ტერიტორიაც.
„მწყემსებს საქონელი დროულად, რომ არ გამოეყვანათ, დაიხრჩობოდნენ. ალაზანი ახლაც ადიდებულია და ველოდებით რომ ცოტა დაწყნარდეს. წყლის დონემ თუ არ დაიწია, ვერანაირი სამუშაოები ვერ დაიწყება“ – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
ხანგრძლივი წვიმების შედეგად ადიდებულია გურჯაანში მდებარე ნავთის ხევიც. ხევმა წყალი ვერ გაატარა, ჯებირებიდან გადმოვიდა და გურჯაანი-ლაგოდეხის დამაკავშირებელ გზაზე მიედინება.
ცნობისთვის, ამ დროისათვის კახეთში თითქმის ყველა მდინარე ადიდებულია.