სოფელ დუისის საჯარო სკოლის მოსწავლე, მუსლიმ ბორჩაშვილი – ევროპის აკადემიური ცენტრის მხარდაჭერით და დაფინანსებით ბრიუსელში, სტრასბურგსა და ჰააგაში გაემგზავრება.
როგორც დუისის საჯარო სკოლაში განმარტავენ, მოსწავლე 3 დღის განმავლობაში მონაწილეობას იღებდა
,,ევროპარლამენტის მოდელირებაში -2024″ , რომელიც ორგანიზებული და მხარდაჭერილი იყო ევროპის აკადემიური და საერთაშორისო პროგრამების ცენტრის მიერ.
” ჩვენი მოსწავლე გახლდათ ესპანეთის დელეგატი ევროპარლამენტის უსაფრთხოების და თავდაცვის კომიტეტში. კომიტეტის განსახილველი თემა იყო ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი.
მუსლიმ ბორჩაშვილმა თავისი კომიტეტის ხელმძღვანელთან ბექა ზამთარაძესთან და სხვა წევრ დელეგატებთან ერთად შეიმუშავა რეზოლუცია ორი დღის განმავლობაში – თუ როგორ უნდა დასრულებულიყო აღნიშნული კონფლიქტი მშვიდობიანად, საბოლოო დღეს კი რეზოლუცია წარდგენილი იქნა გენერალური ასამბლეის წინაშე, ასევე ჩვენი მოსწავლე გამოვიდა სიტყვით გენერალური ასამბლეის წინაშე და ჩამოაყალიბა ისეთი არგუმენტირებული ინიციატივები, რათა შეჩერებულიყო ეს კონფლიქტი.
მუსლიმმა მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებს , რომ ,,მხარი დაეჭირათ მშვიდობისთვის, უსაფრთხოებისთვის და უკეთესი მსოფლიოსთვის, სადაც ყველა ადამიანი განსხვავებული რელიგიის, რასის თუ სქესის მიუხედავად იცხოვრებდა, თანაბარი უფლებებით და დემოკრატიის გზით”,- აღნიშნავენ დუისის საჯარო სკოლის ადმინისტრაციაში.
ცნობისთვის, მიმართვის ბოლოს, გენერალური ასამბლეის პრეზიდენტმა , ჟიურის წევრებმა და პროექტის პარტნიორებმა გამოავლინეს საპატიო და საუკეთესო დელეგატები.