საფეხბურთო კლუბს- “თელავს” 56 წლის სომეხი სპეციალისტი არმენ ადამიანი გაწვრთნის.
კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, არმენ ადამიანი 1967 წლის 14 ოქტომბერს დაიბადა, ყოფილმა ნახევარმცველმა სამწვრთნელო საქმიანობა 2004 წელს დაიწყო და ძირითადად სომხეთის პრემიერლიგის კლუბებს- “მიკა”, “ლორი”, “სევანი”, “ალაშკერტი”, “არარატ-არმენია”, “არცახი” წვრთნიდა.
უეფას პრო-ლიცენზიის მფლობელი სპეციალისტი ბოლოს “არცახს” თავკაცობდა, ორჯერ (2004/2005-2005/2006) “მიკასთან” და ერთხელ “ალაშკერტთან” (2018/2019) აქვს მოგებული სომხეთის თასი, ხოლო იმავ “მიკასთან” ერთად 2006/2007 წლების სეზონში სომხეთის სუპერთასი ასწია.
“მოგესალმებით ყველას და მინდა, მადლობა ვუთხრა კლუბის პრეზიდენტს ნდობისთვის. დარწმუნებული ვარ, ფეხბურთელებით და სტაფით, ვინც ვართ, დასახულ მიზანს მივაღწევთ და საამისოდ, ყველაფერს გავაკეთებთ. ბიჭებო, ძალიან ცოტა დრო გვაქვს, 20 დღეში 6 თამაში გვიწევს დიდ შესვენებამდე და მოდუნების უფლება არ გვაქვს. მე უკვე ვნახე თქვენი საქმისადმი დამოკიდებულება და პროფესიონალიზმი, ბევრში ის აცრებლებული თვალებიც დავინახე, მარცხს როგორ განიცდიდით და ახლა უფრო მჯერა, ეჭვიც არ მეპარება, რომ მიზანს მივაღწევთ. რა თქმა უნდა, წარსულს პატივს ვცემთ, მაგრამ წინ უნდა ვიყუროთ, მინდა, თითოეულ თქვენთაგანში თავდაჯერებულობა და ვარჯიშებზე ღიმილიანი სახეები დავინახო – როცა “თელავის” მაისური გაცვია, ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ჩვენი სახლია და ამით უნდა ვიამაყოთ”,- განაცხადა ახალმა მწვრთნელმა, არმენ ადამიანმა.
შეგახსენებთ, საფეხბურთო კლუბის მთავარი მწვრთნელი აქამდე, ეროვნებით რუსი, ოლეგ ვასილენკო იყო, რომელიც კლუბის ხელმძღვანელობამ, დაკავებული თანამდებობიდან დღეს გაათავისუფლა.