სიღნაღის მუნიციპალიტეტის რვა სოფლის მოსახლეობის 24 საათიანი წყალმომარაგებისთვის სამუშაოები დასრულების ეტაპზეა.
წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით- პროექტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დაკვეთით მიმდინარეობს სოფლებში- ანაგა, ვაქირი, ბოდბისხევი, ტიბაანი, ქვემო მაღარო, ქვემო ბოდბე, საქობოს და ჯუგაანი.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 27 მილიონამდე ლარით ფინანსდება.
ცნობისთვის, ამ ეტაპზე- პროექტით განსაზღვრული სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს და დასრულების ეტაპზეა. მოეწყო სრულიად ახალი გამანაწილებელი ქსელი, ჭაბურღილები, აშენდა ახალი რეზერვუარები და წყალმომარაგების ინფრასტრუქტურისთვის საჭირო სხვა ობიექტები. პარალელურად, დაწყებულია მოსახლეობის აბონენტად რეგისტრაციის პროცედურები.
აღსანიშნავია, რომ მოცემულ ეტაპზე, სოფლებში წყლის მიწოდება სატესტო რეჟიმში მიმდინარეობს და სისტემის საბოლოო გამართვამდე და აბონენტად რეგისტრაციის პროცესის დასრულებამდე მოსახლეობა არ იხდის წყალმომარაგების კომუნალურ გადასახადს.