„საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის” აღმასრულებელი დირექტორის, ლევან სილაგავას განცხადებით, ხორბლის იმპორტის განახლების შესაბამისად, საშუალო და მცირე წისქვილკომბინატების ნაწილმა მუშაობა განაახლა, დიდი წისქვილკომბინატები კი კვლავ გაჩერებულია.
როგორც სილაგავამ განაცხადა, მსოფლიო ბაზარზე სიტუაცია უმჯობესდება და თუკი ეს ტენდენცია გაგრძელდა, შესაძლოა, ოქტომბერ-ნოემბერში წისქვილები უფრო მასიურად ამუშავდეს.
„მსოფლიო ბაზრიდან გამომდინარე სიტუაცია უმჯობესდება და თუ ტენდენცია გაგრძელდა, შეიძლება, მუშაობის განახლება უფრო დიდმა წისქვილკომბინატებმაც იფიქრონ. ჩვენ ვუყურებთ, რომ მსოფლიო ბაზრებზე ხორბლის ფასი შემცირდა და იმედი გვაქვს, რომ ოქტომბერ-ნოემბერში წისქვილები უფრო მასიურად ამუშავდება,“ – განაცხადა ლევან სილაგავამ.
მისივე თქმით, საქართველოში, აგვისტოში, რამდენიმე ათასი ტონა ხორბლის იმპორტი განხორციელდა, რომლის ძირითადი ნაწილი რუსეთიდან შემოვიდა.
„ყველა კომპანიას ფაქტობრივად, რუსეთიდან შემოგვაქვს. ეს განპირობებულია იმით, რომ გვინდა თუ არ გვინდა, რუსეთი გეოგრაფიულად ჩვენი ყველაზე ახლო მეზობელია და ფასი, როგორც ხორბლის, ისე ტრანსპორტირების ყველაზე მისაღები აქ არის. შესაბამისად, ეს არის პრინციპი, რომ იაფი ფქვილი და იაფი ხორბალი არის ჩვენი ახლომდებარე რეგიონიდან – ეს არის რუსეთი. ყაზახეთიდან ძალიან ცოტა შემოდის, უკრაინიდან კი თითქმის არ შემოდის, რადგან შორს მდებარეობს და ტრანსპორტირება უფრო ძვირი ჯდება,“ – აღნიშნა სილაგავამ.
მისივე ინფორმაციით, აგვისტოს დასაწყისთან შედარებით, წისქვილკომბინატების მიერ გამოშვებული ერთი ტომარა ფქვილის ღირებულება დაახლოებით, 5-7 ლარით შემცირდა.
ლევან სილაგავას განცხადებით, იმისათვის, რომ ფქვილის ფასის შემცირება საბოლოოდ პურზე აისახოს, საჭიროა, რომ პურზე ფასი ჯერ მეპურეებმა, შემდეგ კი მაღაზიებმა შეამცირონ.
„ერთ ტომარა პირველი ხარისხის ფქვილზე აგვისტოს დასაწყისში 85-86 ლარი იყო, დღეს არის 77-80 ლარი. შემცირება არის და ჯერჯერობით ტენდენციაც შემცირებისკენ მიდის. მეპურეებიც თუ შეამცირებენ პურის ფასს, შემდეგი ნაბიჯი არის, რომ მაღაზიებმა პურის ფასის გადასახადი შეამცირონ. ამ სამივე ჯაჭვმა სინქრონულად უნდა იმუშაოს. ამ შემთხვევაში იქნება ასახული საბოლოო პროდუქტზე ანუ პურზე მომხმარებლისთვის ფასი.
ფქვილის ფასის შემცირების პარალელურად, ფქვილის ფასის შემცირება თვითონ მაღაზიებმა უნდა ასახონ, მათ შორის ქსელურმა სუპერმარკეტებმა. შესაბამისად, ეს მომხმარებელმა მაღაზიების საშუალებით უნდა იგრძნონ. შესაბამისად, „პურის მწარმოებელთა ასოციაცია“ ინიციატივით გამოვიდა, რომ კარგი იქნებოდა რეფერენტული ფასები, როგორც მთავრობამ მაგალითად, წამალზე გამოაცხადა, გადმოტანილი ყოფილიყო ამ დარგისთვის. ამ სამი ჯაჭვის მუშაობს სახელმწიფო უნდა აკონტროლებდეს, რომ ფქვილის ფასიდან გამომდინარე, პურზე ფასები ზღვრული იყოს,“ – აღნიშნა ლევან სილაგავამ.
მისივე განცხადებით, საქართველოში ამ დროისთვის ხორბლის მარაგი არის, რაც საქართველოში ხორბლის მოსავლის აღებითა და იმპორტის განხორციელებით არის განპირობებული.
„ფქვილი არ არის მოწოდებული იმისთვის, რომ მარაგები შეიქმნას, იმიტომ რომ მისი შენახვის ვადა არის დაახლოებით, თვე-ნახევარი, მაშინ, როდესაც ხორბლის არის 2-3 წელი,“ – აღნიშნა მან.