საქართველოში ყველაზე პოპულარულ ხილსა და ბოსტნეულზე ფასები, მიმდინარე წლის იანვრიდან ივლისის ჩათვლით პერიოდში, საშუალოდ, 18,6%-ით გაიზარდა. ამის შესახებ პოლონური პორტალის, Picodi.com-ის ანალიტიკოსების კვლევაში არის ნათქვამი.
მათ ყველაზე პოპულარულ ხილსა და ბოსტნეულზე ფასების ზრდა გააანალიზეს და მსოფლიოს 94 ქვეყნის რეიტინგი შეადგინეს. ბოსტნეულისა და ხილის ღირებულების შესადარებლად Picodi.com-ის ანალიტიკოსებმა კარტოფილი, პომიდორი, ხახვი, სალათის ფოთოლი, ფორთოხალი, ბანანი და ვაშლი შეარჩიეს.
ამ ხილ-ბოსტნეულზე ფასების 18,6%-იან ზრდით საქართველო რეიტინგში მე-7 ადგილს იკავებს, ხოლო აღნიშნულ პროდუქტებს შორის ქვეყანაში ყველაზე მეტად, 39,9%-ით პომიდორი გაძვირდა. პომიდვრის გაძვირებით საქართველო 94 ქვეყნის რეიტინგში მე-9 ადგილზეა.
ყველაზე პოპულარულ ხილ-ბოსტნეულზე ფასთა საერთო ზრდის რეიტინგში პირველი ადგილი თურქეთმა დაიკავა, სადაც 2022 წლის იანვრიდან ივლისის ჩათვლით აღნიშნული პროდუქტების ღირებულება 72,2%-ით გაიზარდა. ამასთან, თურქეთში, საქართველოს მსგავსად, ყველაზე მეტად ფასი პომიდორზე გაიზარდა, რომლის საშუალო ღირებულებამაც 121%-ით მოიმატა.
ფასების ზრდის 33,4%-იანი მაჩვენებლით მეორე ადგილს ბელარუსი იკავებს, სადაც, ასევე, ყველაზე მეტად, 52%-ით პომიდორი გაძვირდა.
რუსეთი ამ რეიტინგში მე-3 ადგილზეა, სადაც ფასების ჯამურმა ზრდამ 27,3% შეადგინა. რუსეთში ყველაზე მეტად, 45,6%-ით ფასმა კარტოფილზე მოიმატა.
რაც შეეხება რეგიონის სხვა მეზობლებს, სომხეთში პოპულარულ ხილ-ბოსტანზე ფასებმა 10,9%-ით (23-ე ადგილი), ხოლო აზერბაიჯანში ყველაზე ნაკლებად, 2,9%-ით მოიმატა (70-ე ადგილი).
შუა აზიის ქვეყნებიდან ყირგიზეთში ფასების 10,3%-იანი (24-ე ადგილი), ყაზახეთში 10%-იანი (25-ე ადგილი), უზბეკეთში კი 3,6%-იანი ზრდა დაფიქსირდა (58-ე ადგილი).
თითოეული პროდუქტის განხილვის მიხედვით, ყველაზე მეტად ვაშლის ფასი, 82%-ით ანდორაში გაიზარდა. ბანანის გაძვირებაში 47,7%-ით ბელარუსი ლიდერობს, ხოლო თურქეთი ლიდერია ერთბაშად რამდენიმე პროდუქტის გაძვირებაში, როგორიც არის ფორთოხალი 50,5%-ით, პომიდორი 121,6%-ით, ხახვი 72,8%-ით, კარტოფილი 84%-ით და სალათის ფოთოლი 83.7%-ით.
შერჩეულ ხილბოტანზე ფასების საშუალო ზრდის მიხედვით რეიტინგის 10-ლი ასეთია:
თურქეთი – 72,2% (პომიდორი 121,6%-ით)
ბელარუსი – 33,4% (პომიდორი 51,9%-ით)
რუსეთი – 27,3% (კარტოფილი 45,6%-ით)
ლიეტუვა – 24,1% (კარტოფილი 40,0%-ით)
ანდორა – 23,8% (ვაშლი 82,0%-ით)
უკრაინა – 19,9% (ხახვი 60,7%-ით)
საქართველო – 18,6% (პომიდორი 39,9%-ით)
ბულგარეთი – 18,3% (პომიდორი 43,1%-ით)
მონტენეგრო – 17,7% (პომიდორი 32,2%-ით)
პაკისტანი – 17% (პომიდორი 36,2%-ით)
ამ კვლევაში ნაჩვენები პროდუქციის ფასები numbeo.com-დან არის აღებული, რომელსაც მთელი მსოფლიოდან ასობით ათასი მომხმარებელი ჰყავს. პირობით კალათაში თითო-თითო კილოგრამი ფორთოხალი, ბანანი, კარტოფილი, ხახვი, პომიდორი და ვაშლი, ასევე, 1 ცალი სალათის ფოთოლი შედიოდა.