Home დღის ამბები ეკონომიკა საქართველო კარტოფილის იმპორტს იწყებს – რა ღირს პროდუქტი ბაზარზე

საქართველო კარტოფილის იმპორტს იწყებს – რა ღირს პროდუქტი ბაზარზე

EastFruit-ის ანალიტიკოსები კიდევ ერთხელ აქცევენ ყურადღებას საქართველოში კარტოფილის ბაზარს. შეგახსენებთ, რომ სამცხე-ჯავახეთს – მთავარ მწარმოებელ რეგიონს, ამ სეზონზე ცუდი მოსავალი ჰქონდა, რამაც კარტოფილზე ფასების ზრდა გამოიწვია. ეს ყველაფერი კი იმის მანიშნებელია, რომ საქართველოს კვლავ იმპორტზე მოუწევს დაყრდნობა. ამჟამად იმპორტის მოცულობა მცირეა, თუმცა ფასები კვლავ იზრდება.

დღეისათვის, საბითუმო ბაზარზე მოვაჭრეები კარტოფილს კგ-ზე საშუალოდ 2,00 ლარად ყიდიან. როგორც იმპორტირებული, ისე ადგილობრივი კარტოფილის ფასი ერთნაირია. საშუალო საბითუმო ფასი EastFruit-ის ფასების მონიტორინგის მიხედვით , რომელიც მოიცავს ფასებს როგორც მოვაჭრეების, ისე ფერმერებისგან, არის 1,80 ლარი კილოგრამზე. ეს კი წინა კვირებთან შედარებით 6%-ით მეტია.

ოქტომბრის ოფიციალური ვაჭრობის მონაცემები აჩვენებს, რომ საქართველომ 530 ტონა კარტოფილი შემოიტანა. ძირითადი მომწოდებლები არიან ყირგიზეთი, ყაზახეთი და სომხეთი. ოქტომბერში იმპორტის მოცულობა სამცხე-ჯავახეთის მოსავლის 1%-ზე ნაკლებია.

ადგილობრივი დაინტერესებული მხარეები აღნიშნავენ, რომ მაღალმა ფასებმა შესაძლებელი გახადა იმპორტი, მაგრამ იმპორტმა ჯერ ვერ შეძლო ფასების დარეგულირება და მითუმეტეს – შემცირება. ადგილობრივი მარაგები სწრაფად იწურება და შესაძლებელია ფასების შემდგომი ზრდა. იმპორტი უდავოდ გაიზრდება უახლოეს თვეებში სეზონის დასასრულის მოახლოებასთან ერთად.

საქართველოში კარტოფილის შემდეგი მსხვილი მოსავალი 2023 წლის მაისში დაიწყება. მანამდე კი, მეზობელ ქვეყნებს საქართველოში კარტოფილის ექსპორტის შესაძლებლობა ექნებათ.