Home დღის ამბები ეკონომიკა საქართველოში ხორბლის საცავი აშენდება

საქართველოში ხორბლის საცავი აშენდება

სამ ქვეყნის პარტნიორობით საქართველოში ხორბლის საცავის პროექტის განხორციელება იგეგმება. პროექტის ღირებულება 5 მილიონი დოლარია. ამის შესახებ  აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნეს პალატის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა დავით ცირდავამ განაცხადა. მისი თქმით, საუბარია ქუვეითის, თურქეთისა და ქართული მხარის პარტნიორობით საქართველოში ხორბლის მსხვილი საცავის მშენებლობის პროექტზე, რაზეც შეთანხმება ფაქტობრივად მიღწეულია. საცავი 100 000 ტონა ხორბლის მარაგის შექმნის შესაძლებლობას იძლევა.

„100 000-ტონიანი ხორბლის საცავი 2-წლიანი პროექტია. პირველ ეტაპზე ეს იქნება 50 000 ტონაზე გათვლილი. ამისთვის მწარმოებელ ქარხნებსაც შევხვდით, მოლაპარაკებები ვაწარმოეთ საკმაოდ წარმატებით. ვფიქრობთ, წლის ბოლომდე შესაბამისი ხელშეკრულებაც იქნება დადებული.

ერთ-ერთ კერძო კომპანიას აქვს მიწის ნაკვეთი შეძენილი აუქციონის წესით, ეს არის თბილისთან ახლოს, ვაზიანის მიმართულებით, სადაც შესაძლებელია საცავი განთავსდეს, თუმცა განიხილება ასევე ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონაც, რაც ამ ეტაპზე შესწავლის ნაწილია.

პროექტის საერთო ღირებულება 5 მილიონ დოლარამდეა. აქ არის ქუვეითი, თურქეთი და საქართველო, პროექტი სამი ქვეყნის პარტნიორობით განხორციელდება. საქართველოში ხორბლის მარაგის საცავი დიდი არ არის, დამატებითი მარაგის ქონა კი ძალიან მნიშვნელოვანია, როცა რუსულ იმპორტზე ვართ დამოკიდებული“, – აცხადებს დავით ცირდავა.