Home დღის ამბები ეკონომიკა საქართველოში ხორბლის მოსავალი იზრდება

საქართველოში ხორბლის მოსავალი იზრდება

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, საქართველოში ხორბლის მოსავალი იზრდება. დოკუმენტის მიხედვით, 2021 წელს მოსავალმა 136 ათასი ტონა შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 34 ათასი ტონით ანუ 33%-ით მეტია.

ანგარიშიდან ირკვევა, რომ გასულ წელს ხორბლის მოსავლის მატება ძირითადად კახეთის რეგიონის მოსავლის ზრდას უკავშირდებოდა.

თუკი 2020 წელს კახეთში 78 ათასი ტონა ხორბალი მოიყვანეს, 2021 წელს მოსავალი 100 ათას ტონამდე გაიზარდა.
მოსავლის მატების მიუხედავად, ადგილობრივი წარმოება მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის საკმარისი არაა. 2021 წელს ქვეყანამ 482 ათასი ტონა ხორბლის იმპორტი განახორციელა, რომლის 95%-ზე მეტიც რუსული იყო.

საქსტატის მიხევდით, საქართველოში ხორბლის წარმოება მზარდია:

2018 წელს – 107 ათასი ტონა;
2019 წელს – 101 ათასი ტონა;
2020 წელს – 102 ათასი ტონა;
2021 წელს – 136 ათასი ტონა.

რეგიონების მიხედვით, ხორბლის ყველაზე დიდი მოსავალი კახეთშია და 100 ათას ტონას შეადგენს. მეორე ადგილზეა ქვემო ქართლი 14 ათასი ტონით და მესამეზე შიდა ქართლი 10.4 ათასი ტონით.

2022 წელს მსოფლიო ხორბლის ბაზარზე, ისევე როგორც საქართველოს ბაზარზე მნიშვნელოვანი ცვლილებებია. რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომის ფონზე მსოფლიოში ხორბლის ფასები მკვეთრად გაიზარდა. ფასის მატების ფონზე, საქართველო ხორბლის ნაცვლად ფქვილის იმპორტზე გადაერთო, რასაც ადგილობრივი წისქვილკომბინატების დახურვაც მოჰყვა.