Home დღის ამბები ეკონომიკა საქართველოში ცხოველთა და ფრინველთა 123 სასაკლაო ფუნქციონირებს – რა ღირს სასაკლაოების მომსახურება

საქართველოში ცხოველთა და ფრინველთა 123 სასაკლაო ფუნქციონირებს – რა ღირს სასაკლაოების მომსახურება

2022 წლის II კვარტალში საქართველოში 123 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა – ინფორმაციას ამის შესახებ საქსტატი აქვეყნებს.

უწყების ცნობით, მათგან 17.9% მდებარეობს ქვემო ქართლის რეგიონში, 16.3% – კახეთის რეგიონში, 16.3% – შიდა ქართლის რეგიონში, 13.8 %- იმერეთის რეგიონში, 10.6% – სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ხოლო დანარჩენი 25.2 % – სხვა რეგიონებშია განთავსებული.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2022 წლის II კვარტალში სასაკლაოებში დაიკლა 94.7 ათასი სული პირუტყვი, საიდანაც 44.0% – მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, 39.6 % – ღორი, ხოლო 8.9 % ცხვარი და თხა იყო. დანარჩენი პირუტყვის წილი (არ მოიცავს ფრინველს) 7.6 % შეადგენს. გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლული ფრინველის რაოდენობა 3 057.1 ათასი ერთეულით განისაზღვრა.

სასაკლაოების მიერ 2022 წლის II კვარტალში 12.9 ათასი ტონა ხორცი იქნა წარმოებული (იგულისხმება დაკლული წონა, ფრინველის ხორცის ჩათვლით), საიდანაც 38.4% მოდის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, 41.1 % – ფრინველის ხორცზე, 19.4 % – ღორის ხორცზე, 1.0 % – ცხვრისა და თხის ხორცზე, ხოლო დანარჩენს უმნიშვნელო წილი უკავია. საანგარიშო პერიოდში მომსახურება გაეწია 13.6 ათას პირს, საიდანაც 33.2 % შინამეურნეობების (ოჯახური მეურნეობები) სახით იყვნენ წარმოდგენილნი.

სასაკლაოებში დასაქმებულთა საშუალო თვიურმა რაოდენობამ 982 კაცი შეადგინა, მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში სასაკლაოებში 837 ადამიანი იყო დასაქმებული.

ერთეული პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების საშუალო ფასი შეადგენს: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლის საფასური – 31.5 ლარია, გასული წელის ანალოგიურ პერიოდში კი 30 ლარი იყო. ცხვრის ან თხის დაკვლის საფასური – 14 ლარიდან 12.4 ლარამდე შემცირდა, ხოლო ღორის დაკვლის საფასურმა 30 თეთრით მოიმატა 26.5-დან 26.9 ლარამდე.