Home დღის ამბები ეკონომიკა საქართველოში კენკრა 40-50%-ით გაძვირდა – რა ღირს მაყვალი და ჟოლო ბაზარზე

საქართველოში კენკრა 40-50%-ით გაძვირდა – რა ღირს მაყვალი და ჟოლო ბაზარზე

EastFruit-ის ანალიტიკოსებმა მაყვლისა და ჟოლოს საბითუმო ფასები შეისწავლეს. 19 აგვისტოს ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, ეს ორი პროდუქტი წლიურად ფასების ზრდის ტემპის მიხედვით მეორე და მესამე ადგილებზეა. სიის სათავეში წითელი ტკბილი წიწაკა რჩება.

მაყვლის საშუალო საბითუმო ფასი ერთ კილოგრამზე არის 1,40 დოლარი, რაც 50%-ით მეტია 2021 წლის ამავე პერიოდის ღირებულებასთან შედარებით. რაც შეეხება ჟოლოს, მისი ფასი კილოგრამზე 3,60 დოლარს შეადგენს, რაც 40%-ით აღემატება შარშანდელ ფასს. მკვეთრი გაძვირების ძირითადი მიზეზები წარმოებისა და მოსავლის ხარჯების ზრდაა.

მაყვლის სეზონი აგვისტოში მთავრდება. ფასები შეიძლება ოდნავ გაიზარდოს, როდესაც მარაგები იწურება. რაც შეეხება ჟოლოს, სექტემბერში მწარმოებლები მეორე მოსავალს აიღებენ. ფერმერები იმედოვნებენ, რომ მაღალი ფასები შენარჩუნდება, რადგან გვალვამ მოსავლიანობაზე უარყოფითად იმოქმედა. ცუდი ხარისხი კი, პირდაპირ აისახება პროდუქტის ფასზე. ხარისხიანი ჟოლოს ღირებულება კი, დიდი ალბათობით, მაღალი დარჩება.