Home დღის ამბები ეკონომიკა საქართველოში თურქეთიდან შემოტანილი მედიკამენტები ძვირდება

საქართველოში თურქეთიდან შემოტანილი მედიკამენტები ძვირდება

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეპ ტაიპ ერდოღანის ახალი ბრძანებით, ქვეყნის ადგილობრივ ბაზარზე მედიკამენტების ფასები 25%-ით იზრდება. ფასის ზრდა ლირის მკვეთრი გაუფასურების გამო გახდა საჭირო.

როგორც საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ილონა კოკიაშვილი  ამბობს, თურქეთიდან შემოტანილი ფარმაცევტული პროდუქცია ჩვენთანაც 25-30%-ით გაძვირდება, ბაზარზე ეფექტი კი 1 თვეში უნდა დავინახოთ.

„როდესაც იმ ქვეყანაში მედიკამენტები ძვირდება, საიდანაც შემოგვაქვს, ბუნებრივია, ეს ჩვენთანაც გაზრდის ფასს. დაახლოებით, 25-30% იქნება ზრდა, ამ ეტაპზე ასეთი ინფორმაცია გვაქვს. ეს დამოკიდებული იქნება ჩვენი ბაზრის იმდროინდელ მოცემულობაზე, ინფლაციასა და გაცვლით კურსზე.

დრო მარაგებზეა დამოკიდებული, კომპანიებს განსხვავებული მარაგები აქვთ, ზოგს ერთი კვირის, ზოგს ერთი თვის, ზოგს კიდევ შეკვეთილი აქვს და გზაშია. დაახლოებით, ერთი თვის პერიოდში გამოჩნდება, რა გავლენა ექნება ჩვენს ბაზარზე, აგვისტოს შუა რიცხვებიდან უკვე გვეცოდინება, რა შეიცვლება კონკრეტულ მედიკამენტებზე“, – ამბობს ილონა კოკიაშვილი.

ცნობისთვის, საქართველოში იაფი თურქული მედიკამენტების შემოტანა მიმდინარე წლის იანვირიდან დაიწყო. 24 ივნისს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს სააფთიაქო ქსელებში ხელმისაწვდომია თურქეთიდან იმპორტირებული 400-ზე მეტი დასახელების მედიკამენტი, ფასები კი 60%-80%-მდეა შემცირებული. სამინისტროს ანგარიშის თანახმად, მიმდინარე წლის მარტიდან 24 ივნისამდე 155,000-ზე მეტმა მოქალაქემ შეიძინა თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტები და ძველი ფასებით, 74 მილიონის ნაცვლად, დაახლოებით, 23 მილიონი ლარი გადაიხადა.