საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-ივლისში ქვეყანაში ექსპორტი 36.4%-ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 3.1 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, იმპორტმა კი 34.8%-ით მოიმატა და 7.09 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია.
მთლიანად საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 10.19 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 35.3% მეტია.
სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 621 მლნ აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 20%-ს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილები 370.8 მლნ აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 12%), ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები 354.3 მლნ აშშ დოლარით (11.4%).
უმსხვილესი საექსპორტო საქონლის ათეული შემდეგნაირად გამოიყურება:
სპილენძის მადნები და კონცენტრატები;
მსუბუქი ავტომობილები;
ფეროშენადნობები;
აზოტოვანი სასუქები;
ყურძნის ნატურალური ღვინოები;
სპირტიანი სასმელები;
ელექტროენერგია;
სამკურნალო საშუალებები დაფასოებული;
მინერალური და მტკნარი წყლები;
ტრიკოტაჟის ნაწარმი.
უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი კი წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 759.7 მლნ აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 10.7% შეადგინა. მეორე ადგილს იკავებდა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 718.8 მლნ აშშ დოლარით (იმპორტის 10.1%), ხოლო მესამე ადგილზეა სპილენძის მადნები და კონცენტრატები 490.9 მლნ აშშ დოლარით (იმპორტის 6.9%).
წელს უმსხვილესი 10 საიმპორტო საქონლის ჩამონათვალი შემდეგნაირია:
მსუბუქი ავტომობილები;
ნავთობი და ნავთობპროდუქტები;
სპილენძის მადნები და კონცენტრატები;
ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები;
სამკურნალო საშუალებები დაფასოებული;
სატელეფონო აპარატები;
გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები;
წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან.
ბულდოზერები, ავტოგრეიდერები, ექსკავატორები, სატკეპნი მანქანები
სატვირთო ავტომობილები