ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით, საქართველოს ფერმერთა ასოციაცია საქართველოს აგროსისტემის ელექტრონულ რუკას ქმნის. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში გაეროს წარმომადგენლობა ავრცელებს.
საქართველოს ინტერაქტიულ ელექტრონულ აგრორუკაზე უკვე 50-მდე სოფელი და ქალაქია დატანილი. რუკა გუგლის რუკების საფუძველზე შეიქმნა და სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის საკვანძო მოთამაშეების, მათ შორის აგრობიზნესების, ფერმერული მეურნეობების, აგროსერვისების მიმწოდებლების, ფერმერთა ექსტენციისა და ტრენინგის ცენტრებისა და პროფესიული ასოციაციების შესახებ საკმაოდ ვრცელ ინფორმაციას შეიცავს. ბიზნესისა და არასამთავრობო ორგანიზაციების გარდა, მონაცემთა ბაზაში ასახულია სახელმწიფო დახმარების პროგრამებიც, რომლებიც აგროსექტორის განვითარებას ემსახურება.
აგრორუკის მეშვეობით, ინფორმაცია იძებნება როგორც კონკრეტული კომპანიებისა თუ ორგანიზაციების, ისე საქმიანობის სფეროების მიხედვით. მომხმარებლებს შეუძლიათ უშუალოდ დაუკავშირდნენ მათთვის საინტერესო აგრობიზნესს, ხოლო შემდეგ ბაზაში განთავსებული ინფორმაციის ხარისხი და ბიზნეს-ინტერაქციის ეფექტიანობა შეაფასონ.
აგრორუკის შექმნა 2020 წელს დაიწყო და თავიდან მხოლოდ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტზე ვრცელდებოდა. მას შემდეგ, ამ დინამიურ და სწრაფად მზარდ რესურსს 50-მდე ლოკაცია, 500-ზე მეტი კომპანია და ორგანიზაცია და 24 საქმიანობის სფერო დაემატა.
აგრორუკის შექმნა და განვითარება საქართველოს ფერმერთა ასოციაციის პროექტია, რომელიც ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით ხორციელდება.
„ევროკავშირი ხელს უწყობს ახალი ტექნოლოგიების დანერგვას საქართველოს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებაში. ციფრულ ტექნოლოგიებს შეუძლიათ სოფლის ცხოვრების გარდაქმნა, ფერმერული საქმიანობის მიმზიდველობის გაზრდა ახალგაზრდა თაობისთვის და ფერმერთა შრომის ეფექტიანობისა და მდგრადობის გაუმჯობესება“, – განაცხადა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის სოფლის განვითარების, სამოქალაქო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის პროგრამების მენეჯერმა, ქეთევან ხუციშვილმა.
გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) საქართველოში მუდმივი წარმომადგენლის მოადგილის, ანნა ჩერნიშოვას თქმით, სოფლად მომუშავე ბიზნესისთვის ეს კარგი ციფრული ინსტრუმენტია, რომელიც საქართველოს აგროსექტორის განვითარებას ხელს შეუწყობს.
„გაეროს განვითარების პროგრამა „ჭკვიან სოფლის მეურნეობას“ (Smart Agriculture) მხარს უჭერს, რათა საქართველოს ეკონომიკის ციფრულ გარდაქმნას ხელი შეუწყოს. ამ მხრივ, აგრორუკა ახალ საბაზრო შესაძლებლობებთან, საქმიან პარტნიორობასა და ცოდნასთან დაკავშირების გზაა,“ – აღნიშნა ანნა ჩერნიშოვამ.
პროგრამის მნიშნველობაზე საუბრობს ასევე, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე.
„აგრორუკა აგრო-სასურსათო სექტორის გაციფრულების შესაძლებლობაა. ამ რესურსის მეშვეობით, სოფლად მომუშავე მეწარმეები დისტანციურად დაუკავშირდებიან ერთმანეთს, ხოლო საქართველოს აგრო-სასურსათო სექტორი სათანადოდ იქნება წარმოდგენილი მსოფლიოს ელექტრონულ რუკაზე“, – აღნიშნა ნინო ზამბახიძემ.
ევროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) საქართველოს სოფლის განვითარების მრავალწლიანი მხარდამჭერები არიან. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სოფლის განვითარების პროგრამა, ENPARD, 2013 წლიდან ხორციელდება, ხოლო მისი მთლიანი ბიუჯეტი 234.5 მილიონ ევროს შეადგენს. ამ დახმარების მიზანია საქართველოში სიღარიბის შემცირება და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური შესაძლებლობების გაზრდა. მეტი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: https://eu4georgia.eu/enpard