სკანდინავიისა და ბალტიის ქვეყნები საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ერთობლივი განცხადებით ეხმაურებიან. განცხადებას, რომელსაც NB8-ის ქვეყნები: ფინეთი, შვედეთი, ნორვეგია, ისლანდია, დანია, ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა – ავრცელებენ, BM.GE სრულად გთავაზობთ.
“ჩვენ, ნორდიკული და ბალტიის ქვეყნები მხარს ვუჭერთ საქართველოს დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებას მისი დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან.
გასული წლის დეკემბერში, კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებით, ევროკავშირმა აჩვენა, რომ ის მხარს უჭერს ქართველი ხალხის მისწრაფებებს. საქართველოს მიენიჭა მკაფიო გზა მოლაპარაკებების დასაწყებად და შემდგომ, ევროკავშირში გასაწევრიანებლად. თუმცა ბოლო პერიოდში საქართველოს ხელისუფლებამ შემაშფოთებელი ტრაექტორია აირჩია, რომელიც ხელს უშლის საქართველოს ევროპულ მომავალს.
“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი, რომელიც ამჟამად განიხილება საქართველოს პარლამენტში, შეუთავსებელია ევროპულ ნორმებთან და ღირებულებებთან. მიღების შემთხვევაში, კანონი შეიძლება გამოყენებულ იქნეს მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გასაჩუმებლად, რომლებიც უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ საქართველოს დასახმარებლად ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიმავალ გზაზე. საქართველოს ხელისუფლების მტკიცება, თითქოს ქართული კანონპროექტი მსგავსია EU-ში მიღებული კანონებისა, უსაფუძვლო და შეცდომაში შემყვანია. მოვუწოდებთ, საქართველოს პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, გადაიფიქროს კანონპროექტის მიღება.
ევროკავშირში გაწევრიანებისკენ სწრაფვა საქართველოსა და მისი ხალხის სუვერენული არჩევანია. ევროკავშირში გაწევრიანების სურვილის შემთხვევაში, წინაპირობების შესრულება საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. საქართველოს ხელისუფლების ანტიდასავლური რიტორიკა სერიოზულ რისკს აყენებს საქართველოს ევროპულ არჩევანს. EU-ს კანდიდატის სტატუსი საქართველოს მიენიჭა იმ შეთანხმების საფუძველზე, რომ 9 ნაბიჯი შესრულდებოდა. ამ ეტაპზე, აღნიშნული ნაბიჯების შესასრულებლად საქართველოს ხელისუფლებამ პროგრესს ვერ მიაღწია.
გვაქვს ძლიერი სურვილი, ვიხილოთ საქართველოს წარმატება მის ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე, როგორც ეს ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობის სურვილია. იმედს გამოვთქვამთ, რომ საქართველოს ხელისუფლება ამ ისტორიული შესაძლებლობის ფანჯარას გამოიყენებს, რაც გაძლიერებულმა ევროკავშირის გაფართოების პროცესმა წარმოქმნა და დაუბრუნდება ევროკავშირში გაწევრიანების კურსს”, – ნათქვამია 8 ქვეყნის საერთო განცხადებაში