Home დღის ამბები საქართველოს იმდაგვარი რუკის დამზადება და გავრცელება, რომლითაც დარღვეული იქნება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა,...

საქართველოს იმდაგვარი რუკის დამზადება და გავრცელება, რომლითაც დარღვეული იქნება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, შესაძლოა, სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდეს

საქართველოს იმდაგვარი რუკის დამზადება და გავრცელება, რომლითაც დარღვეული იქნება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, შესაძლოა, სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდეს.

„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, სისხლის სამართლის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები ინიცირებისთვის მზად არის და განსახილველად პარლამენტს უახლოეს პერიოდში წარედგინება. პროექტი დეპუტატებმა ირაკლი სესიაშვილმა და ოთარ ჩრდილელმა მოამზადეს.

პროექტის გათვალისწინებით, სისხლის სამართლის კოდექსს ახალი მუხლი ემატება, რომლის მიხედვით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევით შედგენილი საქართველოს რუკის ნაბეჭდი გამოცემის, ან ასეთი გამოსახულების შემცველი სხვა საგნის დამზადება, გავრცელება, რეკლამირება, რეალიზაცია, იმპორტი და ექსპორტი გამოიწვევს ჯარიმას ან 2-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ირაკლი სესიაშვილმა განუცხადა, საქართველოს რუკის დამახინჯებული ფორმით გავრცელება არის რუსული პროპაგანდის ნაწილი, რაც არღვევს როგორც საქართველოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობას, ასევე საერთაშორისო სამართალს.

დეპუტატის შეფასებით, საჭიროა ყველა ასეთ ფაქტთან დაკავშირებით სამართლებრივი სანქციის გამოყენება.

აღსანიშნავია, რომ ბათუმში გამართულ საჭადრაკო ღონისძიებაზე რუსულმა დელეგაციამ საქართველოს რუკები დაარიგა, რომელზეც აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონები საქართველოს შემადგენლობაში წარმოდგენილი არ იყო.