“თიბისი კაპიტალმა” ტურიზმის სექტორის განახლებული კვლევა გამოაქვეყნა, რომელიც მათ შორის სასტუმროების სფეროსაც მიმოიხილავს. ანგარიშის თანახმად, 2022 წლის ოქტომბრის განმავლობაში საქართველოში სასტუმროების ნომრების დატვირთულობის საშუალო დონემ 49% შეადგინა, რაც პანდემიამდელ, ანუ 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 2 პროცენტული პუნქტით მეტია.
“თიბისი კაპიტალის” ანგარიშის მიხედვით, ნომრის საშუალო ფასი ქვეყნის დიდ სასტუმროებში ოქტომბერში 115 დოლარს შეადგენდა. ეს თანხა 2019 წლის დონის 96%-ია.
ანგარიშის თანახმად, თბილისში სასტუმროების დატვირთვის საშუალო დონე 70%-ს აღწევს.
“ზღვისპირა რეგიონში დატვირთვის დონე 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 5%–ით არის გაზრდილი, ხოლო კახეთში კი მატება პანდემიამდელი პერიოდის დატვირთულობასთან შედარებით 6%-ით მეტია”- ნათქვამია ანგარიშში.
სულ ოქტომბერში საქართველოში 442,603 ვიზიტორის ვიზიტი შედგა, რაც წინა წელთან შედარებით 115%-ით მეტია, ხოლო 2019 წლის, ანუ პანდემიამდელ დონის 67%-ია.