Home დღის ამბები ეკონომიკა საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტი რეკორდულ მაჩვენებელზეა

საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტი რეკორდულ მაჩვენებელზეა

საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტი რეკორდულად გაიზარდა. საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-ივლისში ქვეყანამ 64,780 მლნ დოლარის ღირებულების ელექტროენერგია გაყიდა, ზრდა წინა წელთან შედარებით 337,3%-ია, შარშან, საანგარიშო პერიოდში დენის ექსპორტიდან შემოსავალმა 14,813 მლნ დოლარი შეადგინა. შესაბამისად, წელს ელექტროენერგია ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტის ათეულში მოხვდა.

აღსანიშნავია, რომ ელექტროენერგიის ასეთი დიდი მოცულობით ექსპორტი არ განხორციელებულა. ინფორმაციისთვის, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები, თუ რა მოცულობის ელექტროენერგია გაყიდა საქართველომ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საგარეო ვაჭრობის პორტალზე 2014 წლიდან არის ხელმისაწვდომი.

რაც შეეხება საექსპორტო ქვეყნებს, 2022 წლის 7 თვეში საქართველომ ყველაზე დიდი მოცულობით ელექტროენერგია თურქეთში გაყიდა – 60,229 მლნ დოლარის ღირებულების, მეორე ადგილზეა სომხეთი – 3,980 მლნ დოლარი, მესამეზე კი აზერბაიჯანი – 569,7 ათასი დოლარი.

ამასთან, საქსტატის ცნობით, წელს საქართველოში მხოლოდ 34,745 მლნ დოლარის ღირებულების ელექტროენერგია იყიდა, ივლისში კი მხოლოდ 0,95 ათასი დოლარის.