2021 წელს საქართველოში საფინანსო მომსახურების საქმიანობით დაკავებული საწარმოების დეკლარირებულმა შემოსავლებმა 7101.2 მლნ ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, აქედან უდიდესი ნაწილი (76.3 პროცენტი) მიეკუთვნება საპროცენტო და მასთან გათანაბრებულ შემოსავლებს, 11.2 პროცენტი მოდის საკომისიოებზე, ხოლო დარჩენილი 12.5 პროცენტი სხვა სახის შემოსავლებზე ნაწილდება.
„2021 წლის დასასრულისთვის საფინანსო მომსახურების საქმიანობით დაკავებული საწარმოების სალაროში განთავსებული იყო 2370.0 მლნ ლარი ნაღდი ფულის სახით.
2021 წლის ბოლოსთვის ფიქსირებული და არაწარმოებული აქტივების ნარჩენმა (საბალანსო) ღირებულებამ 1800.6 მლნ ლარი შეადგინა.
2021 წელს საფინანსო მომსახურების საქმიანობით დაკავებულ საწარმოებში დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა შეადგენდა 38.5 ათას კაცს, რომელთაგან 60.3 პროცენტი ქალი იყო.
2021 წელს სადაზღვევო კომპანიების მიერ (პირდაპირი დაზღვევის საქმიანობის მიხედვით) გამომუშავებულმა პრემიამ (ბრუტო) 705.6 მლნ ლარი შეადგინა, საიდანაც 39.2 პროცენტი სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევაზე მოდის, 16 პროცენტი – ქონების დაზღვევაზე, 8.5 პროცენტი – სიცოცხლის დაზღვევაზე, 5.8 პროცენტი – სახმელეთო ტრანსპორტის გამოყენებასთან დაკავშირებულ სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევაზე, 2 პროცენტი – უბედური შემთხვევის დაზღვევაზე, ხოლო დანარჩენი (28.5 პროცენტი) სხვა სახის დაზღვევაზე ნაწილდება.
2021 წელს სადაზღვევო კომპანიების მიერ დამდგარი სადაზღვევო ზარალი (ბრუტო) 425.2 მლნ ლარით განისაზღვრა, რომლის 56.5 პროცენტი სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევაზე მოდის, 8.7 პროცენტი – ქონების დაზღვევაზე, 7.1 პროცენტი – სიცოცხლის დაზღვევაზე, 3.4 პროცენტი – სახმელეთო ტრანსპორტის გამოყენებასთან დაკავშირებულ სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევაზე, 0.1 პროცენტი – უბედური შემთხვევის დაზღვევაზე, ხოლო დანარჩენი (24.2 პროცენტი) სხვა სახის დაზღვევაზე ნაწილდება,“- ნათქვამია „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.