Home დღის ამბები ეკონომიკა საპენსიო ფონდმა მონაწილეებს 400 მილიონის სარგებელი მოუტანა – სააგენტო

საპენსიო ფონდმა მონაწილეებს 400 მილიონის სარგებელი მოუტანა – სააგენტო

საპენსიო სააგენტო ოქტომბრის ანგარიშს ავრცელებს, რომლის მიხედვით, 2022 წლის 9 ნოემბრის მდგომარეობით, მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 2.78 მლრდ ლარია.

სააგენტოს ინფორმაციით, საპენსიო დანაზოგების წმინდა ამონაგები 397 მილიონ ლარს შეადგენს. საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1.337 მლნ ადამიანია. დღეისათვის, დაგროვებითი პენსიით სხვადასხვა კატეგორიის 2,701 პირმა ისარგებლა, მათზე გაცემული თანხა კი 6 698 273 ლარს შეადგენს.

საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო პორტფელის 2022 წლის ოქტომბრის ანგარიშის მიხედვით, საპენსიო ფონდის წმინდა ამონაგებმა ფონდის გაშვებიდან (2019 წლის 1 იანვარი) 2022 წლის ოქტომბრის ჩათვლით 38.8%, ხოლო რეალურმა ამონაგებმა (ინფლაციის გათვალისწინებით) იმავე პერიოდში 1.4% შეადგინა.

საპენსიო ფონდმა 2022 წლის მარტის თვიდან აშშ დოლარის შესყიდვა დაიწყო და 31 ოქტომბრის მდგომარეობით, საინვესტიციო პორტფელის 17.5% განთავსებულია აშშ დოლარში, ხოლო 82.5% – ლარში.

საინვესტიციო პორტფელის დეტალური სურათი ასე გამოიყურება: 3.6% განთავსებულია მიმდინარე სარგებლიან ანგარიშებზე, 13.5% ადგილობრივ სახაზინო ობლიგაციებში, 8.7% აშშ-ის სახაზინო ობლიგაციებში, 7.9% გლობალურ აქციებში, 0.9% ევროობლიგაციებში, ხოლო სადეპოზიტო სერტიფიკატებსა და ვადიან ანაბრებში 65.4% არის განთავსებული.