2022 წლის ივლისში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 2.8%-ით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 12.4 პ%-ით ზრდა – ინფორმაციას საქსტატი აქვეყნებს.
უწყების ცნობით, 2022 წლის ივნისთან შედარებით ფასები 10.9%-ით შემცირდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე, რამაც -0.78 % იქონია ზეგავლენა ჯამური ინდექსის ცვლილებაზე. ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების კლება ლითონის მადნებზე (-14.4 %). ამავე პერიოდში ფასები შემცირდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე (-2.4 %), რამაც -1.98 პროცენტული პუნქტი შეიტანა მთლიანი ინდექსის ცვლილებაში.
ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების კლება კვების პროდუქტებზე (-2.9 %). გარდა ამისა, ფასების 0.3% კლება დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე, რომლის წვლილმაც თვის ჯამური ინდექსის ცვლილებაში -0.02 პროცენტული პუნქტი შეადგინა.
12-თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე:
სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: ფასები შემცირებულია 15.5 პროცენტით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე -1.39 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფში აღსანიშნავია ფასების კლება ლითონის მადნებზე (-22.4 პროცენტი);
დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 17.0 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 13.72 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: კვების პროდუქტები (13.4 პროცენტი), ძირითადი ქიმიური ნივთიერებები და ქიმიური პროდუქტები (106.8 პროცენტი) და ძირითადი ლითონები (19.3 პროცენტი);
წყალმომარაგება, კანალიზაცია, მომსახურება ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით: ფასები გაიზარდა 0.6 პროცენტით, რამაც მთლიან ინდექსზე 0.02 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა.