სამონადირეო ტურიზმზე საუბარი საქართველოში 2011-2012 წლებში დაიწყეს. 2011 წელს კანონში „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ ცვლილებები დამტკიცდა. ისტორიაში პირველად „წითელი ნუსხის“ სახეობებზე ნადირობა დაიშვა – მანამდე სამონადირეო მეურნეობებს გარეთ ნადირობა არ შეიძლებოდა, თუმცა სანადირო სახეობები მაინც იკვლებოდა და რაც მთავარია, უკონტროლოდ.
ამ პერიოდშივე დაიწყო სახეობების დათვლა და ნადირობაზე კვოტების გამოყოფა, გაიწერა სალიცენზიო მოსაკრებლის ოდენობა და გამოცხადდა ნადირობის ვადებიც.
მიუხედავად ამ ნაბიჯებისა, რამდენიმე წლის შემდეგ, 2019 წელს სექტორის წარმომადგენლები შესაბამისი კანონმდებლობის, ინფრასტრუქტურის არარსებობაზე, სამონადირეო მეურნეობების სიმცირეზე და სხვა პრობლემების შესახებ საუბრობდნენ.
მიმდინარე წლის აგვისტოს მეოთხე შაბათს ნადირობის სეზონი უნდა გაიხსნას, თუმცა, როგორც ჩანს, სამონადირეო ტურიზმის სექტორი კვლავ 2-3 წლის წინანდელი გამოწვევების წინაშეა.
„სამონადირეო მეურნეობები ერთი ან რამდენიმე ადამიანის საქეიფო ადგილადაა ქცეული“, – ამბობს მონადირეთა და მეთევზეთა კლუბ „ოჩოპინტრეს“ გამგეობის წევრი, ნუკრი მახარაშვილი.
„სამონადირეო მეურნეობებზე ადრინდელი პრინციპით გაცემული ნებართვები არანაირ საინვესტიციო, კვოტის თუ ინფრასტრუქტურულ ვალდებულებას არ ითვალისწინებდა. მივიდოდა ვიღაც, იტყოდა, რომ ეს და ეს ტერიტორია მინდა, გააფორმებდა ხელშეკრულებას 30-40 წლით და არანაირი გადასახადი, ვალდებულება ფლორის თუ ფაუნის გამრავლების მხრივ არ ეკისრებოდა. დღესაც, თუ ბუნებრივად მრავლდება შველი ან სხვა ცხოველი, უბრალოდ ხოცავენ და მართვის გეგმა გაწერილი არაა, რომ ამა და ამ წელს ამ რაოდენობას უნდა მივაღწიოთ. შეიძლება ფურცელზე კი აქვთ, თუმცა დღეს არცერთი სამონადირეო მეურნეობა მსგავს სამუშაოებს არ ასრულებს“, – აღნიშნა მახარაშვილმა.
დამაიმედებელი ამბავი ისაა, რომ კანონი წერის პროცესშია და შემოდგომის ან გაზაფხულის საპარლამენტო სესიაზე გავა განსახილველად. როგორც ნუკრი მახარაშვილი ამბობს, კანონზე ველური ბუნების ეროვნული სააგენტო მუშაობს, ძირითადი მუხლები უკვე გაწერილია, მთავარი ჩონჩხი შედგენილია და სპეციალისტები სამთავრობო თუ არასამთავრობო სექტორიდან არიან მოწვეულები.
„კანონი, პირველ რიგში, სამონადირეო მეურნეობებს არეგულირებს. ახლა ვისაც ლიცენზიები გასდის და გაგრძელებაზე შეიტანენ განაცხადს, ძალიან მკაცრი ვალდებულებები დაეკისრებათ – პირველ რიგში, აუცილებლად უნდა ჩატარდეს კვლევა, რა სახეობები ბინადრობს, თუ არის მანამდე გავრცელებული და შემდეგ გადაშენებული სახეობების აღდგენის, აღწარმოების ტერიტორიების გაკეთების შესაძლებლობა, სადაც გამრავლდება ცხოველი, ფრინველი და მერე გაუშვებენ სამონადირეო მეურნეობაში.
ამის შემდეგ, როცა გაწერილი იქნება მართვის გეგმა, რომელსაც უნდა მიჰყვე, რათა განვითარდე, საქმეში ჩაერთვება მონიტორინგი, რომელიც გააკონტროლებს, თუ რა პროცესები მიმდინარეობს მეურნეობაში – ცხოველების რაოდენობა ზრდისკენ მიდის თუ კლებისკენ, კვოტა რამდენია, ბიუჯეტში რამდენი შედის თანხა და ა.შ. ახლა, ფაქტობრივად, არცერთ სამონადირეო მეურნეობას თანხა არ შეაქვს სახელმწიფო ბიუჯეტში, მიუხედავად იმისა, რომ ათასობით ჰექტრის ტერიტორიები აქვთ აღებული“, – ამბობს ნუკრი მახარაშვილი.
კანონმა უნდა დაარეგულიროს თავისუფალ, ბუფერულ ტერიტორიებზე ნადირობაც და მოიცავს ძველი პროფესიის „ეგერ“ (პროფესიონალი მონადირე, რომელიც ქირით მუშაობს სამონადირეო მეურნეობაში, ემსახურება მოყვარულ მონადირეებს და თვალყურს ადევნებს ნადირობის კანონების დაცვას) აღდგენასაც.
სამონადირეო ტურიზმი ძვირადღირებული სიამოვნებაა. ის არ მოიცავს მხოლოდ ნადირობას, არამედ ინფრასტრუქტურას, კოტეჯებს, ფიტულების დამზადებას, რითაც შეიძლება ბევრი ადამიანი დასაქმდეს და სხვას.
ეს სახელმწიფოსთვის შემოსავლის კარგი წყაროც შეიძლება გახდეს, თუმცა ამისთვის სექტორის განვითარებაა საჭირო. განვითარებისთვის კი ნუკრი მახარაშვილი სამ მთავარ ფაქტორს გამოყოფს – კანონმდებლობის შედგენას, მის აღსრულებას და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას.