სამომხმარებლო სესხის ვადა მცირდება. არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადიანობა, რაც აქამდე 4 წლით იყო განსაზღვრული, 3 წლამდე შემცირდა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძის განცხადებით, არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო კრედიტების მაქსიმალური ვადის შეზღუდვა უკვე ამოქმედდა და ის ერთი წლის განმავლობაში იქნება ძალაში. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფიზიკური პირების დაკრედიტების ტემპის შემცირების მიზნით მიიღო.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, ქართულ ბანკებს ჯამში 4.2 მილიარდი ლარის მოცულობის არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხები აქვთ გაცემული. გასულ წელს სამომხმარებლო კრედიტების პორტფელი 3.16 მილიარდი ლარი იყო, შესაბამისად, ბოლო ერთ წელში ამ სესხების მოცულობა 34%-ით არის გაზრდილი. სავარაუდოდ, სწორედ ასეთი მაღალი ზრდის ტემპის გამო, სებ-მა ამ მიმართულებით რეგულაციის გამკაცრება გადაწყვიტა.
ეროვნული ბანკის სტატისტიკის თანახმად, სამომხმარებლო სესხების რაოდენობაა 1.2 მილიონი, შესაბამისად ერთი სამომხმარებლო სესხის საშუალო ზომა 3,512 ლარია. წინა წელს მსგავსი კრედიტების საშუალო ზომა 2,810 ლარს შეადგენდა.
რაც შეეხება სამომხმარებლო სესხების ვადიანობას, ამჟამად სამომხმარებლო სესხების ნაშთში 2-დან 4 წლამდე სესხები ჭარბობს, რომელთა მოცულობაც 3.45 მილიარდი ლარია. 1-დან 2 წლამდე კრედიტების ზომა 500 მილიონი ლარია, 1 წლამდე კრედიტების პორტფელი კი 120 მილიონი ლარია.