Wizz air-ის კორპორაციული კომუნიკაციების ხელმძღვანელ ჟაჟა ტრუბეკი ავიაკომპანიების ბილეთების გაძვირების სხვადასხვა ფაქტორს ასახელებს, მათ შორის საავიაციო საწვავზე ფასის ზრდა და მოგზაურობაზე გაზრდილი მოთხოვნაა.
“რა თქმა უნდა, საავიაციო საწვავზე ფასის ზრდა ერთ-ერთი მიზეზია. მეორე ფაქტორი ინფლაციაა. ჩვენი კომპანიის ბილეთის ფასი ყოველთვის დინამიკური იყო. ის ყოველთვის დამოკიდებული იყო მოთხოვნა/მიწოდებაზე. თუ ბევრი ადამიანი მოინდომებს მოგზაურობას, აშკარაა, რომ ბილეთები უფრო ძვირი იქნება. გაგვიმართლა და ამ ზაფხულს ადამიანებს მოგზაურობა სურთ, რადგან გასულ წლებში კოვიდის გამო ამას ვერ ახერხებდნენ, თუმცა ამ ზაფხულს განსხვავებული ვითარება გვაქვს. ბევრი ადამიანი ელოდება საკუთარ შვებულებას. უფრო მეტ ადამიანს სურს იმოგზაუროს ჩვენი ან სხვა ავიაკომპანიის მეშვეობით. მაგალითად, ივნისში მგზავრების რეკორდული რაოდენობა გვყავდა. მანამდე ამდენ მგზავრს Wizz air-ით არ უფრენია. ბევრ ადამიანს სურს ფრენა და მოთხოვნა მაღალია. შედეგად, ფასები გაიზარდა. თუ მოთხოვნა შემცირდება, შესაძლებლობა იმის, რომ ბილეთების ფასი შემცირდეს შემოდგომაზე ან ზამთარში, იქნება. ბილეთის ფასებთან დაკავშირებით პროგნოზირება არ შემიძლია, თუმცა როგორც ყოველთვის შემოდგომასა და ზამთარში ადამიანები, როგორც წესი, ნაკლებს მოგზაურობენ და დაბალი მოთხოვნის პირობებში, ფასი მცირდება”,-აცხადებს ჟაჟა ტრუბეკი.
მიმდინარე კვირაში Wizz Air-მა ქუთაისის აეროპორტში მეორე ბაზირებულ საჰაერო ხომალდი დააბრუნა და ესტონეთისა და საფრანგეთის მიმართულებით ფრენები განაახლა. ასევე ფრენის სიხშირეები გაიზრდება ათენის, ბერლინის, ბარსელონას, რიგის, დორტმუნდის, მემინგენის, მილანის, პრაღის, სალონიკის და ვროცლავის მიმართულებით. 2022 წლის 6 თვის მონაცემებით, Wizz Air ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ჯამურად 255 310 მგზავრს მოემსახურა და გადაყვანილი მგზავრების ოდენობის მიხედვით საქართველოს ავიაბაზრის ლიდერია.