სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის განცხადებით, “ქვეყანაში საზამთროს ექსპორტის ტემპი ივლისში ჩქარდება და ქვეყანაში თუ აქამდე იმპორტის მოცულობები ექსპორტს აღემატებოდა, ივლისიდან ეს მაჩვენებელი შეიცვლება”. ამის შესახებ გიორგი ხანიშვილმა განაცხადა.
მინისტრის მოადგილის განმარტებით, მიმდინარე წლის მონაცემებით, 1 კგ საზამთროს საექსპორტო ფასი, იმპორტირებული საზამთროს ფასს აღემატება.
„საზამთროს ექსპორტზე გატანის ტემპი ახლა უნდა განვითარდეს, რამეთუ ჩვენი საზამთრო ივლისიდან დიდი რაოდენობით მოდის. ექსპორტი დაწყებულია. საზამთროს საექსპორტო ფასი 34 ცენტია, მაშინ როდესაც იმპორტის ფასი 20 ცენტია. სტატისტიკის ათვლა ახლა დაიწყო და ვნახოთ, რა შედეგებზე გავალთ. გასულ წელს წინა წლებისგან განსხვავებით საზამთროს საკმაოდ სოლიდური ექსპორტი გვქონდა და ჯამში, 3 200 ტონა საზამთრო გავიდა ექსპორტზე“, – აღნიშნა გიორგი ხანიშვილმა.
რა იწვევს ადგილობრივ ბაზარზე საზამთროს დაბალ ფასს, რაზეც საზამთროს ბაღის მფლობელები ყოველწლიურად საუბრობენ. ამ საკითხზე მინისტრის მოადგილემ ამგვარად უპასუხა: „ბოსტნეულის რეალიზებასთან დაკავშირებით განსაკუთრებული სირთულეებია, რადგან ბოსტნეულის მომყვანი ფერმერები ურთიერთკონკურენციაში საკუთარ ინტერესებს აზიანებენ, ამიტომ ამის გამოსავალი კოოპერირება“, – თქვა ხანიშვილმა.
მან ასევე განმარტა, რომ ქვეყანაში საზამთროს იმპორტო მხოლოდ იმ თვეებშია აქტიური, როდესაც ადგილობრივი წარმოება ჯერ არ არის და ბაზარზე პროდუქტზე მოთხოვნა არსებობს. ივლისიდან კი, ადგილობრივი საზამთროს აღების გააქტიურებისთანავე იმპორტი მცირდება და ექსპორტი იმატებს.