Home დღის ამბები ეკონომიკა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის სტიმულირების პროგრამას პირველი 50 ბენეფიციარი ჰყავს

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის სტიმულირების პროგრამას პირველი 50 ბენეფიციარი ჰყავს

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის სტიმულირების პროგრამას პირველი 50 ბენეფიციარი ჰყავს. საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის და პოსტპანდემიური გამოწვევების საპასუხოდ, სააგენტომ ტექნიკური დახმარების კომპონენტი შეიმუშავა, რომლის განხორციელება მიმდინარე წლის 7 აპრილს დაიწყო.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, პროგრამა მიზნად ისახავს მცირე და საშუალო ბიზნესის საექსპორტო პოტენციალის ზრდის ხელშეწყობას, კომპანიებში ექსპორტის შემაფერხებელი ფაქტორების აღმოფხვრას და ექსპორტის მასტიმულირებელი მექანიზმების დანერგვას. აღნიშნული მიზნები შემდეგი კომპონენტების გათვალისწინებით უნდა განხორციელდეს: სერტიფიცირება და ლიცენზირება; ბრენდინგი / პროდუქციის შეფუთვა; საერთაშორისო ქსელში შესვლა.

ტექნიკური დახმარების პროგრამა, კი შემდეგ სექტორებს მოიცავს: ტანსაცმელი, ტყავი და ტყავის ნაწარმი, ფეხსაცმელი, სათამაშოები, კომბინირებული საკვების წარმოება შინაური ცხოველებისა და ფრინველებისთვის, ვეტერინარული პროდუქტები, ავეჯის წარმოება, ძვირფასეულობა და მასთან დაკავშირებული ნაკეთობების წარმოება, შესაფუთი მასალები, საკვები და სასმელი პროდუქტები (გარდა ღვინისა). რაც შეეხება აგროსასურსათო პროდუქციას, მასზე მხოლოდ საერთაშორისო ქსელში შესვლის კომპონენტი ვრცელდება.

აღსანიშნავია, რომ კონკურსის ფარგლებში განაცხადების მიღება სრულად ელექტრონულ ფორმატში, სააგენტოს ექსპორტიორთა პლატფორმაზე წარმოებდა. კონკურსის შედეგად, ექსპორტის სტიმულირების პროგრამას 50 ბენეფიციარი ჰყავს.