დღეიდან, 1-ლი ივლისიდან, თბილისსა და რეგიონებში ბიზნესს ბუნებრივი აირი უძვირდება.
“თელავგაზის“, “სოკარ ჯორჯია გაზის“, „საქორგგაზის“ და „ინტერ გაზის“ საცალო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის, 1მ3 ბუნებრივი გაზის ფასი განისაზღვრება 1,38 ლარით დღგ-ს ჩათვლით. დედაქალაქში კი 1მ3 ბუნებრივი აირის საფასური 1,35 ლარით განისაზღვრება.
არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ბუნებრივი აირის ტარიფის მატების შესახებ ინფორმაცია მაისის მიწურულს გახდა ცნობილი. კომპანიების მხრიდან აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებისთანავე, დაანონსდა რომ ბიზნესისთვის გაზის გაძვირება რიგ პროდუქციაზე ფასის მატებას მყისიერად გამოიწვევდა. მათ შორის, რიგი კომპანიების მხრიდან აღინიშნა, რომ გაზის ტარიფის მატებასთან ერთად, 1-ლი ივლისიდან რძის პროდუქტებზე ფასიც გაიზრდებოდა.
„ახლა, ფასს ვიჭერთ იქედან გამომდინარე, რომ აპრილიდან-ივნისის ჩათვლით რძის რაოდენობა იმატებს. ეს სეზონურობაზეა დამოკიდებული. ამიტომ, ახლა ვუძლებთ ჩვენ ამ ყველაფერს. ბალახის შემცირებასთან ერთად, მცირდება ნედლი რძე, იზრდება გაზის ტარიფი, რომელიც ენერგომატარებლებში ყველაზე დიდ წილს იკავებს ჩვენს წარმოებაში და ზუსტ პროცენტს ვერ ვიტყვი, ახლა ვითვლით, მაგრამ ფაქტია, 1-ლი ივლისიდან გაზის ტარიფის მატებასთან ერთად, რძის პროდუქტებზე ფასიც გაიზრდება“, – აცხადებდა მაშინ ნედლი რძისა და რძის პროდუქტების კომპანია ,,შირაქის“ დამფუძნებელი ნიკოლოზ ბენიაიძე.
აღსანიშნავია, რომ დღეიდან გარკვეულ სუპერმარკეტებში რძის გარკვეულ პროდუქტებზე ფასის მატება უკვე აისახა. კერძოდ, გაძვირებულია მაგალითად, არაჟანი, კეფირი, რომელთა ფასიც დააახლოებით 60-70 თეთრის ფარგლებშია გაზრდილი.