Home დღის ამბები საზოგადოება რუსეთის მოქალაქეების მიერ რეგისტრირებული კომპანიების რიცხვი წლიურად 10-ჯერ გაიზარდა – „აისეტი“

რუსეთის მოქალაქეების მიერ რეგისტრირებული კომპანიების რიცხვი წლიურად 10-ჯერ გაიზარდა – „აისეტი“

„აისეტის“ კვლევითმა ინსტიტუტმა გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომელშიც მიმოხილულია საქართველოს ეკონომიკა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ. მათ შორის საუბარია, მიგრაციის ეკონომიკაზე გავლენაზე.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2022 წელს საქართველოში 70-80 ათასით მეტი რუსეთის მოქალაქე შემოვიდა, ვიდრე ჩვეულებრივ, მშვიდობიანობის პერიოდში შემოვიდოდა. ეს სრული მოსახლეობის დაახლოებით 3%-ია, თბილისისა და ბათუმის მოსახლეობის კი – 6%.
“საერთაშორისო ვიზიტორებისგან გენერირებული შემოსავალი გაიზარდა და პანდემიამდე არსებულ მაჩვენებელს მიაღწია, თუმცა აღნიშნული შემოსავლის დიდი ნაწილი გრძელვადიანი ვიზიტორების, მაგ. რუსეთის მოქალაქეების მიერ არის გენერირებული.
რუსეთის მოქალაქეების მიერ რეგისტრირებული კომპანიების რიცხვი წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 10-ჯერ გაიზარდა. იანვარ-სექტემბრის პერიოდში თითქმის 9 500 ასეთი ახალი კომპანია დარეგისტრირდა. საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მიერ რეგისტრირებული კომპანიების ნახევარი ბოლო 9 თვის განმავლობაშია რეგისტრირებული.
მიგრაციისა და, ასევე, დანარჩენი მსოფლიოდან დიდი რაოდენობით ტურისტების შემოდინების შედეგად, ტურიზმიდან გენერირებული შემოსავალი მოსალოდნელზე მეტად გაიზარდა (2021 წელს არსებულ მაჩვენებელთან შედარებით – 183%-ით, პანდემიამდე არსებულ 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით – 8%-ით). ამგვარმა აღდგენამ კი განაპირობა საქართველოს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირება (მაგ. 2022 წლის მესამე კვარტალში პირველად დაფიქსირდა მიმდინარე ანგარიშის პოზიტიური მაჩვენებელი 2018 წლის მესამე კვარტალის შემდეგ და წინა რეკორდს 387 მილიონი აშშ დოლარით გადააჭარბა),”- ნათქვამია „აისეტის“ ინფორმაციაში.